საქართველოს საპატრიარქო

მეუფე დიმიტრი: მრევლის სიხარულის ცრემლი უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე ზენონის უაზრო ამბიციები

მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი
თეონა თურმანიძე

"მრევლის სიხარულის ცრემლი გაცილებით უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე ზენონის უაზრო ამბიციები" – ასე უპასუხა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მიტროპოლიტობიდან ჩამოშორებული მეუფე ზენონის სიტყვებს.

"ჩვენი მთავარი დანიშნულებაა ამ კონფლიქტში, მრევლის სატკივარი და საჩივარი მიგვეტანა ეკლესიამდე. არ შეიძლება მღვდელმთავარი მრევლს ერთ დღეს ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვდეს და მეორე დღეს ბრბოს ეძახდე, ტაძრიდან აძევებდე, მონატრებულ სამშობლოზე აუგს ეუბნებოდე, პოლიციას აჭერინებდე. ჩვენ ეს მოვახერხეთ, ეკლესიის ყურადღება მივიპყარით იქ არსებულ სერიოზულ პრობლემებზე. კრებაზე დამსწრე მღვდელმთავრებმა (მისმა თანამზრახველებმაც კი) ერთხმად მივიღეთ მისი სამღვდელმთავრო კათედრის დატოვების გადაწყვეტილება. გინდა შეთქმული მეძახოს მთავარეპისკოპოსმა ზენონმა, გინდა მოღალატე.  მრევლის სიხარულის ცრემლი გაცილებით უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე ზენონის უაზრო ამბიციები". – ნათქვამია მეუფე დიმიტრის პასუხში, რომელსაც ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.

18 ნოემბერს ტაბულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული, რომელიც ამ დრომდე დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიას მართავდა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ შექმნილმა კომისიამ ეპარქიის მართვას ჩამოაშორა და ის მხოლოდ დმანინისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიას უმწყემსთავრებს. მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა საპატრიარქომაც.

მთავარეპისკოპოსმა ზენონმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მას მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო უპირისპირდებოდნენ.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მრევლის ნაწილსა და მღვდელმთავარს შორის კონფლიქტი თვეებია გრძელდება. მორწმუნეთა ეს ჯგუფი მღვდელმთავარს რამდენიმე კანონიკურ და ზნეობრივ ბრალდებას უყენებს. ტაბულას ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია ვინ ჩაიბარებს ეპარქიის მართვას დროებით.

კომენტარები