რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

დუდა: დიდი ალბათობით, ელჩი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების განაცხადით მიმართავს

დუდა
UNIAN

პოლონეთის ელჩი ნატოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც NATO-ს შტაბბინაში 10:00-ზე დაიწყება. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, "დიდი ალბათობით", ელჩი წარადგენს განაცხადს მე-4 მუხლის გასააქტიურებლად. ანდჟეი დუდას თქმითვე, მან ეს ინფორმაცია გადასცა ლიდერებს, რომლებთანაც მანამდე კონსულტაციები ჰქონდა.

"ყველა ლიდერმა, ვისაც ვესაუბრე, აბსოლუტურად დამარწმუნა მოკავშირეთა მხარდაჭერაში, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ყველა დებულების დაცვაში,  მე-5 მუხლის ჩათვლით“, - ამბობს დუდა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმითვე, "ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს ნათელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ ისროლა რაკეტა“. მან აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და "დიდი ალბათობით, ეს იყო რუსული წარმოების რაკეტა".

16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

შემთხვევასთან რუსული რაკეტების კავშირს უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მტკიცებითაც, ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა" და მათ პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიშები არ მიუტანიათ.

კომენტარები