უკრაინა-უნგრეთი

უკრაინამ უნგრეთს "დრუჟბის" მილსადენით ნავთობის მიწოდება დროებით შეუჩერა – ტრანსნეფტი

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი

რუსეთის სახელმწიფო კომპანიის, ტრანსნეფტის ცნობით, უკრაინამ უნგრეთს დრუჟბის მილსადენით ნავთობის მიწოდება დროებით შეუჩერა. რუსული კომპანიის ცნობით, მიზეზად მილსადენში წნევის დაცემა სახელდება. 

ტრანსნეფტმა ინფორმაცია რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან გაავრცელა.

დრუჟბის ნავთობსადენიდან მომარაგების შეჩერებისა და პოლონეთში, სავარაუდოდ, რუსული რაკეტების ჩამოვარდნის გამო, უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აშშ-ს დაზვერვის წყაროებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრი მახლობლად, ჩამოვარდა რუსული რაკეტა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. რუსულ რაკეტებზე ინფორმაციას პოლონეთის მთავრობა ჯერჯერობით არ ადასტურებს.

კომენტარები