ენმ

"არც დავადასტურებ და არც უარვყოფ" – წითლიძე ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას. 

წითლიძის თქმით, ის მომხრეა მრავალკანდიდატიანი არჩევნების და მისთვის მნიშვნელოვანია, მოისმინოს როგორ უყურებს თითოეული კანდიდატი პარტიის განვითარებას ერთი წლის განმავლობაში.

"ვისურვებდი, რომ იყოს მეტი, ასევე იყვნენ კანდიდატები იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესი და მე ამის მიხედვით გავაკეთებ ჩემს არჩევანს, მათ შორის, ვის დავუჭერ მხარს. იმის მიხედვით, კანდიდატებისგან მოვისმინო როგორ უყურებენ ნაციონალური მოძრაობის განვითარებას უახლოესი 1 წლის განმავლობაში.

კი, [მომხრე ვარ მრავალკანდიდატიანი არჩევნების] და დარწმუნებული ვარ, რომ იქნებიან კანდიდატები. მე ვერ ვილაპარაკებ სახელებით და გვარებით. მოდი, ასე ვიტყვი, არც დავადასტურებ და არც უარვყოფ ამ ინფორმაციას [რომ შეიძლება ვიყო კანდიდატი] იმიტომ, რომ შეიძლება იყოს კიდევ კანდიდატები და შეიძლება, ეს პროცესიც იყოს. ზუსტად ამაზე არც კის გპასუხობთ და არც არას. არ გამოვრიცხავ არაფერს..." - თქვა წითლიძემ.


შეგახსენებთ, რომ პარტიაში ცვლილებების შესახებ პოსტი მიხეილ სააკაშვილმა 10 ივნისს გამოაქვეყნა.

"ჩემი, ლევანის, სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში, პარტიას სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და ამ მიზნით ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი."

იმავე დღეს ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ ენმ-სთან მოლაპარაკებების ეტაპზე არიან.

11 ივნისს, ჟორჟოლიანმა ფორმულასთან განაცხადა, რომ სააკაშვილმა მას პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა. 

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა 20 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტში წერდა, რომ "გულდასაწყვეტია, როცა ერთ დღეს ნდობის მანდატს იღებ, შემდეგ კრიტიკანარევ პოსტებს".

კომენტარები