რუსეთი-ირანი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, პატრუშევი ირანში ჩავიდა

ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი ირანში ჩავიდა.

"თეირანში ნ. პატრუშეშვი გამართავს დაგეგმილ რუსულ-ირანულ კონსულტაციებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოსა და რიგი სამინისტროების წარმომადგენელთა მონაწილეობით". – ნათქვამია რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში. 

თავდაპირველად, 8 ნოემბერს, ირანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პატრუშევი თეირანში ჩავიდა და, სავარაუდოდ, ის ირანელი კოლეგის, ალი შამხანის მიერ იყო მიწვეული. 

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრი, ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერდა, რომ პატრუშევმა, სავარაუდოდ, ირანისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენა უნდა განიხილოს.

რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომში ირანულ მოიერიშე, ე.წ. კამიკაძე დრონებს იყენებს. თეირანი თავდაპირველად მოსკოვისთვის ამ შეიარაღების გადაცემას უარყოფდა, თუმცა შემდეგ აღიარეს. თუმცა, თეირანის მტკიცებით, მათ რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები ომის დაწყებამდე გადასცეს.

CNN გასულ დღეებში წერდა, რომ ირანი რუსეთისთვის 1000-მდე დრონისა და ბალისტიკური რაკეტის გადაცემისთვის ემზადება. ხოლო უკრაინის დაზვერვა ამბობდა, რომ რუსეთი ირანთან ბალისტიკური რაკეტების შეძენაზე შეთანხმდა.

კომენტარები