რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი ირანთან ბალისტიკური რაკეტების შეძენაზე შეთანხმდა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის თქმით, რუსეთი ირანისგან Fateh-110-ისა და Zofaghar-ის ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს. სკიბიცკის ინფორმაციით, შეთანხმება უკვე მიღწეულია და კრემლს იარაღის ყირიმის საჰაერო და კასპიის საზღვაო გზით გაგზავნა სურს. ამასთან დაკავშირებით სკიბიცკმა გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში ისაუბრა

გარდა ამისა, სკიბიცკის ინფორმაციით, რუსეთმა ოქტომბერში უკრაინის წინააღმდეგ 25 ისკანდერის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, რის შემდეგადაც, მას მხოლოდ 120 დარჩა. სკიბიცკის ცნობით, რუსეთმა თავისი თანამედროვე რაკეტების მარაგის 80% ამოწურა. 

"უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას ტერორისტულმა ქვეყანამ გამოიყენა თავისი თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80%". - ამბობს სკიბიცკი. 

სკიბიცკის განმარტებით, ირანელების მიერ მარაგების შევსებით, რუსეთი თავდასხმებს გაახშირებს. უკრაინის დაზვერვის თქმით, კიევს სჭირდება იარაღი, რომლითაც ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებას შეძლებს. მათ შორის, ამერიკული Patriot-ის სისტემა. 

ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინამ მრავალჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე დრონებს იყენებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმისთვის. 

ხოლო ოქტომბერში ევროკავშირმა ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა. იმავე მიზეზით დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა 3 ირანელი გენერალი და დრონების მწარმოებელი კომპანია. 

5 ნოემბერს ირანში პირველად აღიარეს, რომ რუსეთს დრონები მიაწოდეს - თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მტკიცებით, ეს ომის დაწყებამდე მოხდა, მანამ, სანამ ოკუპანტები დრონებს ელექტროსადგურებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ირანმა რუსეთს დრონების "მცირე რაოდენობა" 24 თებერვლამდე, რამდენიმე თვით ადრე მიაწოდა. მინისტრი უარყოფს, რომ თეირანი უპილოტო საფრენი აპარატის მიწოდებას განაგრძობს.  

კომენტარები