რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი და ირანი არსობრივად "ერთსა და იმავე ძალებს" ებრძვიან. მისივე თქმით, ეს ძალები "სადღაც მოშორებით, ზურგს უკან" არიან და "საბრძოლო შეხების ხაზზე" არ იმყოფებიან.
პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი მხარს უჭერს ირანს "მშვიდობიანი ბირთვული ენერგიისთვის ბრძოლაში" და ეს პოზიცია ყოველთვის ეკავა.
ამის შესახებ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (ПМЭФ) ილაპარაკა.
"ჩამოგვიყალიბდა გარკვეული მეგობრული ურთიერთობები ირანთან. [...] ჩვენ მხარს ვუჭერთ ირანს მისი კანონიერი ინტერესებისთვის ბრძოლაში, მათ შორის, მის ბრძოლაში მშვიდობიანი ბირთვული ენერგიისთვის და ყოველთვის გვეკავა ეს პოზიცია. ჩვენი პრინციპული პოზიცია ამ შემთხვევაში ამ კონფლიქტშიც არ შეცვლილა.
მათ, ვინც ამბობს, რომ მეტი უნდა გაგვეკეთებინა - მეტი რა? საბრძოლო ოპერაციები დაგვეწყო? ნუთუ? ჩვენ ისედაც გვაქვს საბრძოლო ოპერაციები მათთან, ვისაც იმ იდეების მეტოქეებად მოვიაზრებთ, რომლებსაც ვიცავთ და მათთან, ვინც რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხეს ქმნის.
ეს კი თავისი არსით, პრინციპში, ერთი და იგივე ძალებია, როგორც რუსეთის, ისევე ირანის შემთხვევაში - იქ, სადღაც მოშორებით, ზურგს უკან. ესენი [ძალები] ისინიც კი არ არიან, რომლებიც საბრძოლო შეხების ხაზზე იმყოფებიან". - თქვა პუტინმა.





