კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ს შესაძლო დარტყმა ირანზე ახლო აღმოსავლეთში სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს კიდევ ერთ ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა სერიოზულად გააუარესოს სიტუაცია რეგიონში.
რუსეთი აგრძელებს ძალისხმევას დაძაბულობის დეესკალაციის ხელშეწყობისთვის. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ კვლავ გვსურს, ველოდოთ თავშეკავებას ყველა დაინტერესებული მხარისგან და, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვამახვილებთ მხოლოდ მშვიდობიან მოლაპარაკებებზე იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებსაც ისინი სასწრაფოდ მიიჩნევენ". - თქვა პესკოვმა.
გუშინ, ისრაელის მე-13 არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული ავიამზიდი, USS Lincoln მოიერიშე ჯგუფთან ერთად ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა და ირანთან ახლოს იმყოფება.
ავიამზიდის გარდა მოიერიშე ჯგუფში საესკადრო ნაღმოსნები და Tomahawk-ის ტიპის რაკეტით აღჭურვილი წყალქვეშა ნავებიც შედის.
ამასთან, ისრაელის მე-13 არხი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-მ რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალებიც გააძლიერა და იორდანიაში ბაზებზე F-15 ტიპის ავიაგამანადგურებლების რაოდენობა გაზარდა.





