რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ირანი აღიარებს, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა – თუმცა, ომის დაწყებამდე

REUTERS

ირანში პირველად აღიარეს, რომ რუსეთს დრონები მიაწოდეს - თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მტკიცებით, ეს ომის დაწყებამდე მოხდა, მანამ, სანამ ოკუპანტები დრონებს ელექტროსადგურებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ირანმა რუსეთს დრონების "მცირე რაოდენობა" 24 თებერვლამდე, რამდენიმე თვით ადრე მიაწოდა. მინისტრი უარყოფს, რომ თეირანი უპილოტო საფრენი აპარატის მიწოდებას განაგრძობს.  

"ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ წამოიწყო აურზაური იმის შესახებ, რომ ირანი უკრაინაში მიმდინარე ომში დასახმარებლად რუსეთს რაკეტებსა და დრონებს აწვდის - რაკეტების ნაწილი სრულიად მცდარია. დრონების ნაწილი მართალია და მათი მცირე ნაწილი რუსეთს ომის დაწყებამდე თვეებით ადრე მივაწოდეთ". - ამბობს მინისტრი.  

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ამბობს, რომ თეირანი და კიევი "ბრალდებების" განხილვისთვის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინის წარმომადგენელი შეხვედრაზე არ გამოცხადდა. მინისტრის სიტყვებით, თეირანი "გულგრილი" არ დარჩება, თუ დადასტურდება, რომ რუსეთმა უკრაინაში ირანული  დრონები გამოიყენა.  

ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინამ მრავალჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები ე.წ. კამიკაძე დრონებს იყენებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმისთვის. 
 
ოქტომბერში ევროკავშირმა ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა. იმავე მიზეზით დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა 3 ირანელი გენერალი და დრონების მწარმოებელი კომპანია. 

კომენტარები