საქართველო-ევროკავშირი

დეოლიგარქიზაციის სამუშაო ჯგუფს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პუნქტის შესასრულებლად, სამუშაო ჯგუფები შექმნა. კომიტეტში სულ 5 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ესენია: დეოლიგარქიზაციის საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების.

აღსანიშნავია, რომ ამ 5 ჯგუფიდან 4-ს: დეოლიგაქიზაციის, სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული ღონისძიებებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების ჯგუფებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფს კი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე.

სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ფრაქცია ქართული ოცნების წევრები და პარტიების: მოქალაქეების, ევროპელი სოციალისტებისა და გირჩის წარმომადგენლები. ასევე, ივანიშვილის დეპუტატები. აგრეთვე, სამოქალაქო საზოგადოებისა (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათ მიერ გამოთქმული სურვილის შესაბამისად, მონიტორინგს გაუწევენ სამუშაო ჯგუფების საქმიანობას.

​მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში, პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა, ასევე, ექნებათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს.

კომენტარები