საქართველო-ევროკავშირი

ვარჰეი: ვთავაზობთ მთავრობას, დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიაზე გაიტანოს

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესაფასებლად ვენეციის კომისიას უნდა მიმართოს, რათა დადგინდეს, რამდენად მიიყვანს ქვეყანას ეს იურიდიული ინსტრუმენტი ევროკავშირის მიერ დადგენილი რეკომენდაციის შესრულებასთან. ვარჰეი ამბობს, რომ კანონპროექტი ჩარჩო-დოკუმენტი უნდა იყოს და რეკომენდაცია არ უკავშირდება კონკრეტულ ადამიანს.

"ევროკავშირი, ჩვენ არ ავარჩევთ რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი ოლიგარქი. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იყოს განსაზღვრული. არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ, ან სხვების სასიკეთოდ, რომელიც საბოლოო ჯამში მისთვის სასიკეთო იქნება. ჩვენი კრიტერიუმი ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს უკავშირდება კერძოდ რომელიმე ადამიანს. არც შეიძლება უკავშირდებოდეს. სწორედ ამიტომ, როცა საუბარია დეოლიგარქიზაციის კანონზე, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს ეს კანონპროექტი შესაფასებლად და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი ქვეყანას იმ მიზნებისკენ, რომელიც გაწერილია ამ პრიორიტეტებში". – თქვა ვარჰეიმ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

2022 წლის ზაფხულში ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის არმინიჭების შემდეგ ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების 12 პირობას შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანაევროკავშირის რეკომენდაციის შესასრულებლად ქართულმა ოცნებამ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება გადაწყვიტა, თუმცა ჯერ კიდევ პროცესის დაწყებამდე მმართველი პარტიის წევრები ღიად ამბობდნენ, რომ ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის კანონი არ გავრცელდებოდა. ოპოზიცია დეოლიგაქრიზაციის კანონის მთავარ და ერთადერთ ობიექტად ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებდა, ხოლო მმართველი პარტია მას "ოპოზიციისთვის საკუთარ ფეხში ნასროლ ტყვიად" მოიხსენიებდა3 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტის არსებული რედაქცია  პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ქართული ოცნების ლიდერებისა და კანონპროექტის სხვა ინიციატორების თქმით, დეოლიგარქიზაციის ქართული კანონის "ობიექტურ საზომად" უკრაინული მოდელი აიღეს, რადგან, მათი თქმით, ევროკავშირის მოწოდება სწორედ ამ ფორმას მიემართებოდა და მსგავსი საკანონმდებლო რეგულაციაც მხოლოდ უკრაინაში გვხვდება. სწორედ ამ მიზეზით, კანონპროექტის ინიციატორებმა ის შესაფასებლად ვენეციის კომისიას არ გადაუგზავნეს. მათი თქმით, ქართულ-უკრაინული კანონების მსგავსებიდან გამომდინარე, ისინიც უკრაინული კანონის შესახებ დასკვნას ელოდებიან, რადგან მის "პირდაპირპროპორციულ გამოყენებას" თავადაც შეძლებენ.

კომენტარები