პაკისტანი

პაკისტანში ყოფილ პრემიერმინისტრს, იმრან ხანს ესროლეს

პაკისტანის ყოფილ პრემიერმინისტრს, იმრან ხანს 3 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე თავს დაესხნენ - მისი პარტიის განცხადებით, ეს მკვლელობის მცდელობა იყო. თავდასხმისას დაიღუპა ერთი და იმრან ხანთან ერთად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

სავარაუდო თავდასხმის ვიდეოში ვხედავთ, რომ იმრან ხანი მხარდამჭერებს ესალმება, როდესაც მოულოდნელად სროლის ხმა ისმის. 

ოფიციალური ინფორმაციით, ტყვია ხანს ფეხში მოხვდა - "ძვალი გატეხილია და ტვია ბარძაყის არეშია". 

პოლიციის ცნობით, აქციაზე სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს. პაკისტანის ინფორმაციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც არაიდენტიფიცირებადი კაცი აღიარებს, რომ იმრან ხანს თავს დაესხა, რადგან "მას ხალხი არასწორი გზით მიჰყავს".

სროლისას უკვე მეშვიდე დღე იყო, რაც ხანი ქვეყნის მასშტაბით ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით პროტესტს ხელმძღვანელობდა. ეგრეთ წოდებული "გრძელი მარში" ლაჰორში 28 ოქტომბერს დაიწყო და ისლამაბადში უნდა დასრულებულიყო. 

10 აპრილს იმრან ხანს უნდობლობა პარლამენტის ქვედა პალატამ გამოუცხადა. მისი თქმით, ეს პროცესი მართული იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და პაკისტანის სამხედრო ელიტის მიერ. 

მისი ანტიამერიკული კამპანია პოპულარობით ახალგაზრდობაში სარგებლობს. ქვეყანაში რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო გაზრდილია უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ. 

კომენტარები