შინაური ცხოველები

"არის მსჯელობა ამაზე" – შესაძლოა, კონკრეტული მებრძოლი ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს

შესაძლოა, კონკრეტული მებრძოლი ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, ასევე, 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდოს "აგრესიული ჯიშის" ძაღლის გასეირნება. ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარმა იურისტმა, კახაბერ იოსელიანმა მედიაჰოლდინგ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. მისი ცნობით, ამ ეტაპზე, დარგის სპეციალისტებთან ერთად ერთიან კანონპროექტზე მუშაობენ.

"კანონპროექტი პარლამენტშია. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მისი საშემოდგომო სესიებზე განხილვაა დაგეგმილი" - ამბობს იურისტი და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, არ არსებობს ნუსხა, რომელი ჯიშის ძაღლია აგრესიული, კანონპროექტში კი, ეს ჩამონათვალი გაწერილი იქნება. 

"ახალი არავის არაფერი გამოუგონია. ცხოველების უფლებების დაცვის სფეროში მოწინავე ქვეყნების გამოცდილება გავიზიარეთ. ჯიშების ჩამონათვალს რაც შეეხება: დარგის სპეციალისტებთან კონსულტაცია მიმდინარეობს" - თქვა იოსელიანმა.

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, "არის მსჯელობა იმაზე, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს თუ არა. აქაც ახალს არაფერს ვიგონებთ. ასეა ევროკავშირის ქვეყნებში". იურისტის განმარტებით, თუ შეზღუდვა ძალაში შევა, მას უკუძალა არ ექნება.

"მაგალითად, ვისაც მებრძოლი ჯიშის ძაღლი ჰყავს, შეზღუდვა არ შეეხება, არ მოუწევს, ცხოველი დააძინოს ან სხვა ქვეყანაში გაიყვანოს. შეზღუდვა კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება" - თქვა იოსელიანმა კვირას პრესკლუბში.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის ცნობითვე, "სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით" კანონპროექტში გაითვალისწინეს დებულება - აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს. 

"ხშირად ნახავთ, რომ პატარა ბავშვი აგრესიული ჯიშის დიდ ძაღლს ასეირნებს ხოლმე. პირადად შევსწრებივარ, რომ ასეთი ძაღლი გაქცევია ბავშვს და სხვა ბავშვისთვის უკბენია“, – განაცხადა იოსელიანმა.

იურისტის განმარტებით, კანონპროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პაკეტი. განისაზღვრება, რა ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და  რა -  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. მისი თქმით, მაგალითად, როდესაც პირი ცხოველის გასეირნების დროს უსაფრთხოების ნორმებს არღვევს, აგრესიული ჯიშის ძაღლი ჰყავს და ამას ადამიანის, ან სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე, მძიმე დაზიანება, ან სიცოცხლის მოსპობა მოჰყვება, ამას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლიბა მოჰყვება.

ამასთან, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, "აგრესიული ჯიშის ძაღლების" გასეირნება მთელი ქვეყნის მასშტაბით გარკვეულ საათებში ალიკაპით და საბმელით იქნება საჭირო. პატრონს შეეძლება, ალიკაპის და საბმელის გარეშე გაასეირნოს ძაღლი, რომელიც "აგრესიული ჯიშის ძაღლების" ნუსხაში არ იქნება.


ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს, ამ ეტაპზე, არ არსებობს. თბილისის საკრებულოს მიერ 2015 წელს მიღებული შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის თანახმად, ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა და გადაყვანა დღის 08:00 – 22:00 პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. იმავე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა იმავე კატეგორიის ადგილებში 22:00 – 08:00 საათების პერიოდში ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც.

კომენტარები