შინაური ცხოველები

თბილისის საკრებულომ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი დაამტკიცა. მისი 
ამოქმედების შემდეგ სავალდებულო ხდება ძაღლების და კატების რეგისტრაცია. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან "საჭდით"(ბირკით) და ყელსაბამით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას.

ცხოველის პატრონი პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობაზე და მის კეთილდღეობაზე, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე.

ცხოველის პატრონი ვალდებულია აანაზღაუროს მის საკუთრებაში/მფლობელობაში მყოფი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

ახალი ნორმების მიხედვით, ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა და გადაყვანა დღის 08:00 – 22:00 პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. იმავე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა იმავე კატეგორიის ადგილებში 22:00 – 08:00 საათების პერიოდში ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც. 

ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება, ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში.

შინაურ ცხოველების მოვალა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო ცხოველების შობადობის და რაოდენობის შემცირებასაც გულისხმობს, რის დროსაც გამოიყენება სტერილიზაცია/კასტრაციის პროცედურები და "მსოფლიოში აპრობირებული, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული სხვა ჰუმანური მეთოდები". 

კანონის პროექტი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შეიმუშავა და საკრებულოს სხდომაზე გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა წარადგინა. ბუხრაშვილის თქმით, "პროექტი ევროსაბჭოს კონვენციას აბსოლუტურად შეესაბამება. მასში დეტალურადაა განსაზღვრული ის მუხლები და საკითხები, რომლებიც საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიამ, სხვა კომისიებთან და სხვადასხვა კომპეტენტურ სამსახურებთან ერთად შეიმუშავა". 

ახალი რეგულაციების განხილვისა და დამტკიცების პარალელურად თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია ცხოველთა უფლებადამცვიელებმა და შინაური ცხოველების პატრონებმა გამართეს. 

აქციის მონაწილეების თქმით, რეგულაციების მრავალი პუნქტი ორაზროვანია და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას; მათი განცხადებით, "არ არის განსაზღვრული პრიორიტეტები (კასტრაცია/სტერილიზაცია თუ ევთანაზია); მკაფიოდ არაა განსაზღვრული, რომელი ცხოველები ექვემდებარებიან ევთანაზიას; არაა გაწერილი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები თავშესაფრებისთვის; ალიკაპი უქმნის საფრთხეს ძაღლის ჯანმრთელობას და აძლიერებს ადამიანის ფობიას; ფიზიკური აქტივობისთვის გამოყოფილი დრო (08:00 – 22:00) მოუხერხებელია; არ არსებობს სპეციალური გასასეირნებელი სივრცე; დაწესებულებების წინ, სადაც აკრძალულია ძაღლის შეყვანა, არაა დამონტაჟებული ძაღლის მისაბმელი ძელები; ქუჩებში არ დგას სპეციალური ურნები ძაღლების ფეკალიებისთვის; ცხოველს, რომელიც 10 დღეში ვერ გაჩუქდება თავშესაფრიდან, ემუქრება ევთანაზია". 

კომენტარები