2026 წლიდან შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის დარღვევასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება.
მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 2026 წლის პირველი იანვრიდან კანონი "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" ძალაში ეტაპობრივად შევა. საკანონმდებლო პაკეტის სრულად ამოქმედების ვადად დადგენილია 2026 წლის პირველი იანვრიდან 2028 წლის პირველ ივლისამდე პერიოდი.
კანონის რეგულაციის სფეროდ განსაზღვრულია: შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა; შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა; შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციების განსაზღვრა; შინაურ ბინადარ ცხოველთა მეპატრონისა და მიმკედლებლის ვალდებულებების განსაზღვრა; შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მომსახურებასთან დაკავშირებული სუბიექტებისათვის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა; შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციების მართვა;
კანონის მოქმედება არ ვრცელდება ფერმერულ და გარეულ ცხოველებზე.
კანონის პროექტში ნათქვამია, რომ აკრძალულია ცხოველის მიტოვება გარდა ამ კანონით გათვალისწინებული ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების არსებობის შემთხვევებისა.
"ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ისეთი ობიექტური წინაპირობების დადგომის შემთხვევაში, როგორიცაა, შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღება, საცხოვრებელი პირობების მკვეთრი გაუარესება, რაც შეუძლებელს ხდის შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით ცხოველისთვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფას, ექვს თვეზე მეტი ვადით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება, მეპატრონე ვალდებულია მოუძიოს ცხოველს ახალი მეპატრონე, გადაიყვანოს თავშესაფარში ან თავშესაფარში გადაყვანის მიზნით მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესასრულებლად.
იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე სოციალურად დაუცველია, ცხოველის თავშესაფარში გადაყვანის ხარჯებს ანაზღაურებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო". - წერია დოკუმენტში.
ამასთან ერთად, ახალი რეგულაციებით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, ცხოველთა დროებით განთავსების, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის უზრუნველსაყოფად, დამოუკიდებლად ან სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, შექმნას მუნიციპალური თავშესაფარი.
"მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, უპატრონო ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის მიზნით, კასტრაცია/სტერილიზაციის ოპერაციები განახორციელოს მის სისტემაში შემავალი თავშესაფრის მეშვეობით ან მესამე პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე". - ნათქვამია კანონისპროექტში.
კანონი შემდეგნაირად განსაზღვრავს შინაური ცხოველის მეპატრონის ვალდებულებებს:
მეპატრონე ცხოველის სახეობისა და ჯიშის თავისებურებების გათვალისწინებით ვალდებულია:
- უზრუნველყოს ცხოველის მოვლა-პატრონობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ასევე, ამ კანონით განსაზღვრული უსაფრთხოების წესების დაცვა;
- უზრუნველყოს ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით: ცხოველის დაბადებიდან ორი თვის ვადაში; მფლობელობის დაწყებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
- უზრუნველყოს ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოველწლიური (საკონტროლო) რეგისტრაცია;
- აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ სხვა პირებისათვის მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ამავე კანონით, მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს:
- ნარევი (მეტისი) ჯიშის ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა სტერილიზაცია/კასტრაციის გზით;
- სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სტერილიზაციის/კასტრაციის მეთოდის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამრავლების უნარის შეწყვეტა ცხოველისთვის (ძაღლი, კატა) სხვა უვნებელი, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდით;
- ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმება, ვაქცინაცია (მათ შორის, ანტირაბიული და კომპლექსური), დეჰელმინთიზაცია და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება;
- მონადირე ჯიშის ძაღლის შემთხვევაში, წელიწადში ორჯერ ანტირაბიული ვაქცინაცია;
- საზოგადოებრივი სივრცის მყისიერი დასუფთავება ცხოველის მიერ ასეთი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში;
- ცხოველის (ძაღლი, კატა) დაკარგვის/სიკვდილის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინება არაუგვიანეს მომდევნო დღისა.
- ცოფის პრევენციის მიზნით, ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინება;
- ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში მასზე ვეტერინარული ზედამხედველობის დაწესება თავშესაფარში ან ვეტერინარულ დაწესებულებაში;
- ცხოველის დაავადების შემთხვევაში მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა ვეტერინარულ დაწესებულებაში;
- თუ ცხოველს აღმოაჩნდა სხვა ცხოველისათვის ან/და ადამიანისთვის საშიში დაავადება, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება.
იმ შემთხვევაში, თუ შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე სოციალურად დაუცველია, ევთანაზიის და ლეშის განკარგვის ხარჯებს ანაზღაურებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო.
ამასთან ერთად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში დაუშვებელია სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა.
კანონით განისაზღვრა, რომ დაუშვებელია ცხოველის (ძაღლი, კატა) მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, სამედიცინო დაწესებულების შენობებში, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენისა და ბაზრის ტერიტორიაზე.
"ცხოველთა კეთილდღეობის დაცვისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, მარეგისტრირებელი ორგანო ახორციელებს ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელსაც მართავს სააგენტო". - წერია კანონში.
მონაცემთა ერთიან ბაზაში შეიტანება იდენტიფიცირებული ცხოველის (ძაღლი, კატა) შესახებ შემდეგი ინფორმაცია: ა) ცხოველის სახეობა, სქესი, დაბადების თარიღი, სახელი, გარეგნობის აღწერა, შეფერილობა, ფოტოსურათი, ჩიპის ნომერი; ბ) კასტრაცია/სტერილიზაციისა და ვაქცინაციის შესახებ; გ) მეპატრონის/მიმკედლებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი.
უპატრონო ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო მის სისტემაში შემავალი თავშესაფრის მეშვეობით ან მესამე პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ასევე დადგინდა, რომ ცხოველის (ძაღლი, კატა) მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლების უზრუნველსაყოფად აკრძალულია: ა) ნარევი (მეტისი) ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება, გარდა სელექციის შემთხვევისა; ბ) ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული მონაცემთა ერთიან ბაზაში; გ) გენეტიკური დაავადების მქონე ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება; დ) თვრამეტ თვემდე და რვა წლის ზემოთ ასაკის ძაღლის გამრავლება; ე) გარეული ცხოველის შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველთან; ვ) ძუ ძაღლების გამრავლება წელიწადში ორჯერ ან მეტჯერ; ზ) ორი თვის ასაკამდე ლეკვის დედისგან მოშორება.
კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ უპატრონო ან მიკედლებული ცხოველის კეთილდღეობისა და პოპულაციის მართვის მიზნით, მუნიციპალური თავშესაფარი უზრუნველყოფს ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების შემცირებას სტერილიზაცია/კასტრაციის გზით.
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, დაიჭიროს უპატრონო/მიკედლებული ცხოველი (ძაღლი, კატა) და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, კასტრაცია/სტერილიზაციისა და ანტირაბიული ვაქცინაციის მიზნით გადაიყვანოს მუნიციპალურ თავშესაფარში.
ახალი რეგულაციებით, ძაღლის გასეირნება ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა) დაიშვება მხოლოდ ალიკაპის ან საბლის გამოყენებით.
აკრძალულია:
- მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გასეირნება 18 წლამდე ასაკის პირის მიერ;
- ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, სამედიცინო დაწესებულების შენობებში, საბავშვო და სპორტულ მოედანზე, გარდა კატებისა და მცირე ზომის ძაღლებისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით.
ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გადაყვანისას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დასაშვებია მოკლე საბლის ან კატებისა და მცირე ზომის ძაღლების შემთხვევაში - ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით.
კანონმდებლობით დადგინდა მომატებული რისკის ჯიშის ძაღლების ჩამონათვალი:
- ამერიკული პიტ ბულ ტერიერი ტოსა ინუ;
- ფილა ბრაზილეირო;
- ბულტერიერი;
- ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი;
- არგენტინული დოგი;
- ტოსა ინუ;
- ამერიკული ბულდოგი;
- კანგალი;
- კანე კორსო;
- დობერმანი;
- კავკასიური ნაგაზი;
- შუააზიური ნაგაზი;
- აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი;
- ბერძნული ნაგაზი;
- კრაშის ნაგაზი;
- გერმანული ნაგაზი;
- რუმინული ნაგაზი;
- მასტიფები;
- ბორდოული დოგი;
- კანარის დოგი;
- როტვეილერი;
- რიზენშნაუცერი;
- ლეონბერგერი;
- მარემა;
- მოსკოვური საყარაულო;
- კა-დე-ბო (მალიორკის მასტიფი);
- სტაფორდშირ ბულ ტერიერი;
- ბანდოგი;
- გულდონგი;
- მგლის ჰიბრიდები.
კანონპროექტის მიხედვით, მათთვის, ვისაც ამ ჯიშის ძაღლები ჰყავთ, ვალდებულებები განისაზღვრა. კერძოდ, ის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის პირი და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მიზნით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს შემდეგი ცნობები უნდა წარუდგინოს:
- ნასამართლობის, დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
- კინოლოგიური დაწესებულებიდან, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის მართვის თაობაზე შესაბამისი კურსის (მეპატრონისა და მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის ერთობლივი ჩართულობით) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;




