ტრაგედია ვაკის პარკში

აშშ-ს საელჩო: ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს

საქართველოში აშშ-ის საელჩო ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ოჯახს უსამძიმრებს და იმედს გამოთქვამს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან.

"ჯაზ კვინტეტის დღევანდელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და 16 ოქტომბრის კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში აღარ გაიმართება.

უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს.

იმედი გვაქვს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან და ამისთვის ვლოცულობთ" - წერს საელჩო.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს. ორი ბიჭი კლინიკაში იმყოფება, ერთერთი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

გუშინ, 12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

კომენტარები