ტრაგედია ვაკის პარკში

გამქრალი ვიდეოები და არაობიექტური გამოძიება – გრინსერვისის ადვოკატები შადრევნის საქმეზე

თბილისის მერია

ინფრასტრუქტურული სამუშაოების კომპანია გრინსერვისის თანამშრომლების ადვოკატებმა ვაკის პარკის შადრევნის საქმის მიმდინარეობასა და გამოძიებაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ადვოკატები ამბობენ, რომ ვაკის პარკის შადრევნის შემთხვევას, რომელსაც 2022 წლის 13 ოქტომბერს არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა, არაობიექტურად იძიებენ.

კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა თქვა, რომ გამოძიებისთვის აუცილებელი ვიდეოჩანაწერები გამქრალია და დაუდგენელია ტრაგედიის წინა დღეს, 12 ოქტომბერს შადრევანში ვის მიერ ან რა მანიპულაციები მიმდინარეობდა.

"ელექტორშოკის ადგილას დენის გაჟონვა ტრაგედიის დღეს არ იყო სტაბილური და ერთგვაროვანი. ტრაგედიის წინა დღეს, 12 ოქტომბერს და წინა პერიოდში ელექტროდენი შადრევანში არ ჟონავდა. ვიდეოკამერების ჩანაწერი კონკრეტულ პერიოდში – 12 ოქტომბრის საღამოს გაურკვეველი მიზეზით არ აღმოჩნდა ჩამწერ მოწყობილობაში და შესაბამისად, გაუგებარია ვის მიერ და რა მანიპულაციები ხორციელდებოდა ამ პერიოდში ელექტროსადენებზე". – თქვა ჩოფიკაშვილმა.

მისივე თქმით, შესაბამის უწყებებს გამოძიების ფარგლებში მნიშვნელოვანი პირები არ გამოუკითხავს, მათ შორის ისინი, ვინც შადრევანში შესაბამისი სამუშაოები შეასრულა და ვინც მათ ხარისხზე იყო პასუხისმგებელი.

"გრინსერვისმა შადრევნისთვის საჭირო მოწყობილობები და ტექნიკა შეიძინა ერთ-ერთი ცნობილი ბრენდისგან იმ პირობით, რომ მოხდებოდა ამ ტექნიკის დამონტაჟება, აწყობა, ექსპლუატაციაში გაშვება და შემდგომი გარანტია განხორციელდებოდა. დაამონტაჟა ქარხნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა წესების შესაბამისად და 3 თვე იმუშავა ამ შადრევანმა. 4 თვის გამოძიების განმავლობაში გამოძიებამ არ დაადგინა, არ გადადგა არცერთი ნაბიჯი ამ ქარხნის რომელიმე წარმომადგენლის ან შადრევნის შემსრულებელი სპეციალისტის დასაკითხად, რაც წარმოუდგენელია და ამის გარეშე გამოძიება ვერ იქნებოდა ობიექტური. პროკურატურის განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზები გამოძიებას არ აქვს ჩატარებული. წარმოუდგენელია ამ ექსპერტიზის გარეშე დადგინდეს კავშირი წარმოებულ სამუშაოსა და დამდგარ ტრაგედიას შორის.

შემსრულებელ კომპანიას ბრალდება ედავება 22 სექტემბერს დამატებითი სამუშაოების ექსპერტიზის არჩატარებას. 22 სექტემბერს ჩატარდა ექსპერტიზა და ტრაგედია 13 ოქტომბერს მოხდა – 3 კვირაში რატომ არ ჩაატარა ექსპერტიზაო, ამას ედავებიან.

[...] ბრალდებას არ დაუსვამს კითხვები ელექტროსადენის დაზიანების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, თუ როდის მოხდა ამ ელექტროსადენების დაზიანება, არ ჩაუტარებიათ საჭირო ექსპერიმენტები, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ვითარების აღდგენას და ობიექტური რეალური მიზეზის დადგენას ამ ტრაგედიისა". – თქვა ჩოფიკაშვილმა.

მისივე თქმით, დაკავებული ექსპერტების გამოკითხვის ოქმები, რომელსაც ამ დრომდე ეყრდნობა ბრალდება, არის გაყალბებული და შედგენილია კოპირების პრინციპით.


17 თებერვალს 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ გრინსერვისი-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს, მშენ-ექსპერტი-ს დირექტორს და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმა. პროკურატურის მტკიცებით, გრინსერვისმა ვაკის პარკის შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები "უხარისხოდ" შეასრულა, მშენ-ექსპერტმა კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტი შეადგინა და დაწერა, რომ სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.

2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდის საქმეზე 9 პირი 18 ოქტომბერს დააკავეს. მათ შორისაა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გ.ვ (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), გრინსერვისის და მშენექსპერტის დირექტორები და თანამშრომლები, ასევე, ორი კერძო ელექტროშემდუღებელი. სამინისტროს მტკიცებით, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.

გამოძიების ცნობით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ გრინსერვისის მენეჯერს სთხოვა, შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით. გრინსერვისის დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის გადაწყვეტილებით, ამ სამუშაოს შესრულება დაუკვეთეს მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის - ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელს. 

შსს-ს ცნობით, ნიუ მეტალ დიზაინის დაქირავებულმა ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია. სამუშაოები გრინსერვისის დირექტორმა შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ჩაიბარა ასევე ინსპექტირების გარეშე.

გამოძიების მტკიცებით, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ, წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის  მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი მოაყოლეს. ამის გამო, დაზიანდა ელექტროკაბელის იზოლაცია და დენმა წყალში გაჟონა. 

30 ნოემბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

კომენტარები