რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

კადიროვი: რუსეთმა მცირე სიძლიერის ბირთვული იარაღი უნდა გამოიყენოს

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვმა უნდა იფიქროს უკრაინაში მცირე სიძლიერის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. 

"ჩემი პირადი აზრით, უფრო კარდინალური ზომებია მისაღები, სასაზღვრო ტერიტორიებზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებისა და მცირე სიძლიერის ატომური შეიარაღების გამოყენების ჩათვლით", - აღნიშნა კადიროვმა.

რუსეთის მხრიდან ლიმანის დაკარგვის დაადასტურების შემდეგ, კადიროვმა Telegram-ზე გააკრიტიკა უმაღლესი მეთაურები მათი წარუმატებლობისთვის. 

რუსეთს აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი ატომური არსენალი, მათ შორის დაბალი წარმოების ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რომელიც მოწინააღმდეგე ჯარების წინააღმდეგ გამოყენებისთვის არის შექმნილი.

მანამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით და ხაზი გაუსვა, რომ ატომური ბომბის გამოყენების პრეცედენტი უკვე არსებობს.

აქამდე, 21 სექტემბერს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მან დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული შანტაჟის რიტორიკა განაგრძო. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენთან CBS-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბირთვული იარაღის გამოყენების გახშირებულ მუქარებზე ისაუბრა. 

ამას გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

კომენტარები