რუსული ოკუპაცია

პაპუაშვილი ზემო ლარსზე: შტამპი არის იგივე ვიზა, მესაზღვრეს აქვს უფლება, არ ჩაარტყას

საქართველოს პარლამენტი

"საზღვარი არის სრულად კონტროლის ქვეშ, შტამპი არის იგივე ვიზა, მესაზღვრეს აქვს სრული უფლება, ეს შტამპი არ ჩაარტყას ანუ არ გასცეს ეს ვიზა" - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთში მობილიზაციის გამო გაზრდილი ნაკადების გამო რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნაზე. პაპუაშვილმა რუსთავი ორის ეთერში თქვა, რომ "ისტერიის ტალღა" ახალი არ არის.

"მარტში იყო ეს ტალღა ისტერიის, რომ თითქოს ხდება რაღაც განსაკუთრებული შემოდინება, ზაფხულში იყო იგივე ტალღა, ახლა იგივეა... როცა ვსაუბრობთ საზღვრების კონტროლზე და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებაზე, ეს არის აბსოლუტურად საქართველოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ - ვინ შემოდის ჩვენს ტერიტორიაზე და მესაზღვრე სწორედაც თავად წყვეტს ერთპიროვნულად, შემოუშვას თუ არა ადამიანი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ, ეს შტამპი დიახაც, არის ვიზა" - თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციითვე, რუსეთის დაახლოებით 40 ათასი მოქალაქეა, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოში შემოვიდა და ქვეყანა ამ დრომდე არ დაუტოვებია.  

"რუსეთის 40 ათასი მოქალაქეა დღესდღეობით დარჩენილი საქართველოში და ისიც ვიცით, რომ აქედან ნაწილი არის ადამიანი, ვისაც აქვს კავშირი საქართველოსთან ან არიან ეთნიკურად ქართველები ან საქართველოდან წარმოშობით. მეორეს მხრივ, ჩვენ გვესმის ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების განმარტებები ამასთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ცოტა ხნის წინ გახლდავთ პარლამენტში წლიური მოხსენებით და იქ დახურულ სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში ამ საკითხებზეც ისაუბრა, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ.

ჩვენ ვნახეთ, რომ რაიმე ექსცესი არ გვქონია და სახელმწიფო სრულად აკონტროლებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ყოფნის კუთხით ვითარებას. ამიტომ, რაიმე დამატებითი პანიკის შექმნა ამ ყველაფრისგან ემსახურება ერთ მიზანს, რომ აწიონ ტალღა" - თქვა პაპუაშვილმა.


ლარსის გამშვებ პუნქტთან საქართველოში შემოსვლის მსურველ რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მობილიზაციის გამოცხადებიდან პირველ სამ დღეში, როგორც რუსული მედია წერდა, 2 000-მანქანიანი რიგი დადგა. რიცხვი შემდეგში უფრო გაიზარდა. ამჟამად, რუსეთის სამთავრობო მედიის ცნობით, საზღვრის გადაკვეთის რაოდენობის მსურველთა რიგი შემცირებულია 4 960 მანქანამდე.

რუსეთი საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტის გახსნას აპირებს. ამასთან, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის შიდაადმინისტრაციულ საზღვრებზე რუსეთის სხვა ოლქებიდან ხალხის შესვლა გაართულეს.

ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ, საკითხთან მიმართებაში, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა მექანიზმი, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც.


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები