რუსული ოკუპაცია

კალასის თქმით, EU-ს უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის

კაია კალასი
Olivier Matthys/EPA-EFE

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ჟურნალისტებთან რუსეთის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის. 

კალასმა აღნიშნა, რომ "სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ახლა ბევრი არაფერი ხდება," ხოლო ბრძოლის ველიდან "რუსეთი სუსტ პოზიციაზე" იმყოფება, რის ფონზეც, კალასის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე რუსეთის მიმართ EU-ს მთავარ მოთხოვნებზეც იმსჯელებენ.

კითხვაზე, თუ რა ძირითადი საკითხების წამოყენებას აპირებს ევროკავშირი რუსეთთან პოტენციური მოლაპარაკებების შემთხვევაში, EU-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა უპასუხა, რომ თებერვალში მან ეს საკითხების უკვე ჩამოთვალა და მათ შორისაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხიც.

"მე თებერვალში უკვე წარვადგინე დოკუმენტი, რომელშიც ყველა საკითხი დავასახელე, დაწყებული იმით, რომ რუსეთმა რეალურად პატივი სცეს საერთაშორისო შეთანხმებებს, რის ფარგლებშიც მათ აიღეს ვალდებულება, რომ მეზობლებს თავს არ დაესხმებოდნენ და მათ სუვერენიტეტს პატივს სცემდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, არის სხვა საკითხებიც, მაგალითად, ისეთივე დათმობების მოთხოვნა, როგორიც უკრაინას წამოუყენეს – მაგალითად, ჯარის შეზღუდვასთან დაკავშირებით – რომ ამ შემთხვევაში იგივე რუსეთსაც უნდა მოვთხოვოთ. ცხადია, ასევე არსებობს უფრო ზოგადი საკითხებიც, თუ შევხედავთ რუსულ ჯარებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა – ევროპული უსაფრთხოების ინტერესებში ისიც შედის, რომ ეს ჯარები აქ არ იყვნენ და სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში არ ერეოდნენ." – განაცხადა კალასმა კვიპროსში EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე.

მანვე განმარტა, რომ ეს "მაქსიმალისტური პოზიციაა," თუმცა, კალასის თქმით, რუსეთის მიდგომაც ანალოგიურია და კრემლი მოლაპარაკებებზე მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებს.

მიმდინარე წლის თებერვალში კაია კალასმა საქართველოსა და მოლდოვაში რუსულ ჯარებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "გრძელვადიანი მშვიდობისთვის" რუსეთი "უნდა გავიდეს ყველა იმ ოკუპირებული ტერიტორიიდან, სადაც იმყოფება".

"ზოგი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები არარეალისტურია, მაგრამ მოდით, გულწრფელები ვიყოთ, რუსების მხრიდან მოთხოვნები საერთოდ არ არის რეალისტური – ისინი დიპლომატიური გზით ითხოვენ მიწებს, რომლებიც სამხედრო გზითაც კი არ აქვთ დაპყრობილი." – ამბობდა კალასი 23 თებერვალს.

კომენტარები