საოკუპაციო ხაზთან ჩემს მისვლას რაც შეეხება, ჟურნალისტებმაც დამისვეს ბოლო დროს რამდენჯერმე ეს კითხვა და მათ დავუდასტურე, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე.
რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას, რატომღაც ძალიან დიდი ენთუზიაზმით საუბრობთ თქვენ ამ თემაზე. მე შემიძლია, გითხრათ, რა არის ჩვენი მიდგომა და ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, რომ შევადაროთ წინა ხელისუფლებას, ძალიან კარგად ვხედავთ, რა იყო შედეგები მაშინ და რა არის შედეგები ახლა, მათ შორის რუსეთთან მიმართებით რა იყო პოლიტიკის შედეგები, არაპრაგმატული პოლიტიკის შედეგები.
შედეგები იყო რუსეთის ინტერვენცია საქართველოში, მათი ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ჩვენს ქვეყანაში და ასევე მათი ეკონომიკური ინტერვენცია ამასთან ერთად. აი, ეს არის შედეგები, რაც მარტივად შეიძლება გაიზომოს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში გვაქვს სრულიად განსხვავებული შედეგები, არავითარი გაფართოება ტერიტორიული წარმომადგენლობის. ერთადერთი მძიმე შემთხვევა გვქონდა ამ კუთხით, ეს იყო შემთხვევა ჩორჩანაში, რაც ვისი „დამსახურებაც“ არის, ძალიან კარგად მოგეხსენებათ.




