რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროვი: სპეცოპერაცია დიდი ხანია საომარ მოქმედებებში გადავიდა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში დიდი ხანია საომარ მოქმედებებში გადავიდა.

"რაც შეეხება სპეცოპერაციის მიმდინარეობას, ეს ყველაფერი დიდი ხანია საომარ მოქმედებებში გადავიდა. ჩემი ნება, რომ იყოს საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებდი და ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებდი ბოროტების დასასრულებლად.

[...] მათთან ომი არ დაგვიწყია იმისათვის, რომ გავუშვათ ან დავთმოთ. მოგებაში ვართ, თუ დავიღუპებით - სამოთხეში მოვხვდებით. მოვიგებთ - დედამიწის სამოთხეში ვიცხოვრებთ". - თქვა კადიროვმა.

მისივე თქმით, ჩეჩნეთი მზადაა, რომ უკრაინაში დამატებით 9000 ადამიანი გაგზავნოს, რომლებსაც მან "მოხალისეები" უწოდა. კადიროვმა დაამატა, რომ ჩეჩნური დანაყოფები გააგრძელებენ უკრაინაში ბრძოლას მაშინაც კი, თუ რუსული "სპეცოპერაცია" დასრულდება.

ამასთან ერთად, ჩეჩნეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთის არმიის უკრაინაში უკან დახევით უკმაყოფილოა. მისივე თქმით, ხარკოვის მიმართულებით დატოვებული ყველა ქალაქი "უკან დაბრუნდება". 

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში ფრონტი დაახლოებით 70 კილომეტრით გაარღვია და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიპყრო, რაც  აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის შედეგად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე მეტია. 

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

კომენტარები