საქართველო-ევროკავშირი

დეგნანი: აშშ-ს საელჩო სრულად ენდობა ISFED-ს, დარღვევები მათი პასუხისმგებლობა არ არის

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სრულად ენდობა ISFED-ს" – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) მიმართ გაჟღერებული ბრალდებებისა და პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მისი არდაშვების შესახებ დასმულ შეკითხვას.

"გასულ ზაფხულს ISFED-ი მონაწილეობდა საარჩევნო რეფორმების ჯგუფში, რომელსაც თავმჯდომარეობდა პარლამენტის ახლანდელი სპიკერი და მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს იმ საარჩევნო რეფორმების და კანონმდებლობის შემუშავებაში, რომელიც შემდეგ უკვე მიიღო პარლამენტმა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს არჩევნების შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის შეფასებები და ანგარიშები, მათ შორის ეუთო/ოდირის, ასევე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის, რომელთა მიხედვით არჩევნებში დაფიქსირდა სერიოზული დარღვევები. მათ შორის იყო დაშინება, კარუსელი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სხვადასხვა ტიპის საარჩევნო დარღვევა როგორც არჩევნების დღეს, ასევე არჩევნებამდე კვირის განმავლობაში. ზოგადად, ეს არჩევნები არცერთმა ორგანიზაციამ არ შეაფასა სრულად სამართლიანად. ეს დარღვევები ISFED-ის პასუხისმგებლობა არ არის და ზოგადად, არჩევნების შედეგების მიმართ საზოგადოების უნდობლობა არ არის ISFED-ის პასუხისმგებლობა. 

როდესაც ISFED-მა დაადასტურა, რომ ჰქონდათ გამოთვლის შეცდომა პარალელური დათვლის შედეგებში, ISFED-მა მაშინვე შეატყობინა საზოგადოებას და სრულად გაავრცელა ინფორმაცია. შეცდომას უმნიშვნელო სტატისიკური გავლენა ჰქონდა. ამიტომაც ვენდობით სრულად ISFED-ს, როგორც პროფესიონალ არჩევნების დამკვირვებელ ორგანიზაციას. ეს გამჭვირვალე განცხადება იყო. ISFED-ის და ამ სფეროში მოღვაწე სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის ამ პროცესში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გათვალისწინებულია ევროკომისიის რეკომენდაციაშიც, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს საარჩევნო სისტემა". – თქვა დეგნანმა.

აშშ-ს ელჩის თქმით, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციაა, როდესაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის პროცესში ISFED-ის გამოთვლების შეცდომას რევოლუციურ სცენარს უწოდებენ.

"ეს იყო უმნიშვნელო სტატისტიკური შეცდომა და მისი წარმოჩენა, თითქოს ეს იყო რევოლუციური სცენარი, ან გამიზნული არის ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია. ყველამ, ვინც მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობდა, ძალიან კარგად იცის, რომ ერთადერთი მიზანი სიტუაციის დეესკალაცია და პარტიების პარლამენტში შესვლა იყო, რათა მათ ემუშავათ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე". – თქვა დეგნანმა.

18 აგვისტოს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) ქართულმა ოცნებამ უარი უთხრა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ ISFED-ი ჯერ კიდევ არ ემიჯნება სამოქალაქო მოძრაობის მიერ ხელისუფლებისთვის წამოყენებულ მოთხოვნას მთავრობის დათხოვნისა და ტექნიკური მთავრობის დანიშვნის შესახებ. ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი ISFED-ს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.

საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები მიიჩნევენ, რომ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეცეს, ხოლო სამუშაო ჯგუფში ISFED-ის არდაშვება ევროკომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

ISFED-ის დაშვებამდე 4-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქართული ოცნების შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შეწყვიტა.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა.

კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ ქართულმა ოცნებამ წარადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს EU-ს მიერ შექმნილი 12 პუნქტის შესრულებას. მმართველი პარტიის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ჯგუფები, რომლებშიც პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებენ.  

კომენტარები