საქართველო-ევროკავშირი

პაპუაშვილი: ISFED უარს ამბობს, გაემიჯნოს ტექნიკური მთავრობის მოთხოვნას, ამიტომ არ მოვიწვიეთ

ქართული ოცნება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED) ჯერ კიდევ არ ემიჯნება სამოქალაქო მოძრაობის მიერ ხელისუფლებისთვის წამოყენებულ მოთხოვნას მთავრობის დათხოვნისა და ტექნიკური მთავრობის დანიშვნის შესახებ. პაპუაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით არ მიიწვეს ISFED-ი პარლამენტის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომელსაც ,ვროკომისიის მიერ საქართველოსთვის დასახული რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა ემუშავა.

"ISFED-მა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს წამოუყენეს ერთკვირიანი ულტიმატუმი, რომ პარლამენტს უნდა დაეთხოვა მთავრობა და შეერჩია ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომლის ფორმირების პროცესში ISFED-ს და ამ აქციის სხვა ორგანიზატორ ორგანიზაციებს ექნებოდათ ვეტოს უფლება, ანუ გადამწყვეტი ხმა მთავრობის ფორმირებაში. მათ ეს ულტიმატუმი ბოლომდე ვერ მიიყვანეს გამომდინარე იქიდან, რომ ხალხმა ზურგი აქცია ამ რადიკალურ მოთხოვნას, თუმცა, ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ ჰაერში კიდია და მათ ეს ულტიმატუმი არ მოუხსნიათ. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ISFED-მა გამოხატა ინტერესი პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მუშაობის თაობაზე, ჩვენ გვქონდა ამაზე კომუნიკაცია სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმასთან. ჩვენი კითხვა იყო ISFED-ის მიმართ, ისინი კვლავ იზიარებენ ამ ულტიმატუმს, თუ მოხსნეს ეს მოთხოვნა პარლამენტის მიმართ.

[...] ჩვენს შეთავაზებაზე რომ პოზიცია დაეფიქსირებინათ, თუკი ისინი არ იზიარებენ და ამ მოთხოვნას აღარ აყენებენ, მაშინ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ სამუშაო ჯგუფში. თუკი ისინი კვლავ აგრძელებენ ულტიმატუმის ენით საუბარს პარლამენტთან, რომ დაითხოვოს მთავრობა, დააკომპლექტოს ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რა თქმა უნდა, აქ კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე საუბარი რთული იქნება. ამასთან დაკავშირებით ISFED-ისგან ვერანაირი პოზიცია ვერ მოვისმინეთ. ისინი უარს ამბობენ, რომ გაემიჯნონ ამ მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, ისინი სამუშაო ჯგუფში მოწვეულნი არ იყვნენ". – თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ "დასანანი" და "არაჯანსაღი სოლიდარობა" უწოდა 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, რომლებმაც ხელისუფლების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი თქვეს მანამ, სანამ მასში ISFED-საც არ მიიწვევენ.

"ზღვარი სოლიდარობასა და კორპორატივიზმს შორის ძალიან ვიწრო და, სამწუხაროდ, სწორედ ასეთ დროს ხდება ამ ზღვრის გადალახვა. ნაცვლად ჯანსაღი სოლიდარობისა, ჩვენ ვხედავთ წმინდა კორპორატივიზმს, რომელიც ჩვენ ვნახეთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ – მაშინაც ISFED იყო მთავარი აქტორი, ეს ორგანიზაცია 1 თვე მალავდა პარალელური დათვლის ნამდვილ შედეგებს". – თქვა პაპუაშვილმა.


18 აგვისტოს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) ქართულმა ოცნებამ უარი უთხრა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე.

საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები მიიჩნევენ, რომ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეცეს, ხოლო სამუშაო ჯგუფში ISFED-ის არდაშვება ევროკომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა.

კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ ქართულმა ოცნებამ წარადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს EU-ს მიერ შექმნილი 12 პუნქტის შესრულებას. მმართველი პარტიის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ჯგუფები, რომლებშიც პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებენ.  

კომენტარები