საქართველო-ევროკავშირი

ISFED-ის დაშვებამდე 4 არასამთავრობო ოცნების შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას წყვეტს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მიიჩნევენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისთვის (ISFED) საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის აკრძალვა კრიტიკული და დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ISFED-ის სამუშაო ჯგუფში დაშვებამდე დროებით წყვეტენ ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილ ყველა ჯგუფში მონაწილეობას.

"ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის პირველი და მე-10 პრიორიტეტის სულისკვეთებას, რომლებიც დეპოლარიზაციას და "გადაწყვეტილებების მიღების ყველა დონეზე, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვას" მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა რეკომენდაციების შესრულების ერთიანი პროცესის ხედვა ხელისუფლებამ სრულყოფილად არ წარმოადგინა, არ შექმნა მაღალ დონეზე ორგანიზებული მონაწილეობითი დემოკრატიული პროცესი და არც თავად სამუშაო პროცესის წესებთან და პრინციპებთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები გაუვლია სამოქალაქო ორგანიზაციებთან და სხვა დამოუკიდებელ აქტორებთან, სამოქალაქო ორგანიზაციები აქტიურად ვცდილობთ გამოვიყენოთ კომუნიკაციის და თანამშრომლობის ყველა შესაძლებლობა პარლამენტთან. საპარლამენტო კომიტეტებთან ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის სურვილი არაერთმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გამოთქვა, თუმცა, ქართულმა ოცნებამ თანამშრომლობა მხოლოდ მათ მიერ განსაზღვრული პირობებით და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობა უკიდურესად ლიმიტირებული რაოდენობით შემოგვთავაზა". – ნათქვამია 4 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციები მოუწოდებენ ქართულ ოცნების ხელმძღვანელობას გაიაზრონ მიღებული გადაწყვეტილების დამაზიანებელი გავლენა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და უზრუნველყოს საარჩევნო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ჩართულობა ამ სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრამდე.

18 აგვისტოს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) ქართულმა ოცნებამ უარი უთხრა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე.

საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები მიიჩნევენ, რომ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეცეს, ხოლო სამუშაო ჯგუფში ISFED-ის არდაშვება ევროკომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა.

კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ ქართულმა ოცნებამ წარადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს EU-ს მიერ შექმნილი 12 პუნქტის შესრულებას. მმართველი პარტიის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ჯგუფები, რომლებშიც პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებენ.  

კომენტარები