დუგინის შვილის აფეთქება

ზახაროვა დუგინაზე: თუ უკრაინული კვალი დადასტურდება, უნდა ვისაუბროთ რეჟიმის ტერორიზმზე

ТАСС

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვა წერს, რომ თუ კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილ დარია დუგინას დაღუპვაში უკრაინული კვალი გამოვლინდება, კიევის ხელისუფლების სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე საუბარი უნდა დაიწყოს.

"რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები დარია დუგინას დაღუპვას იძიებენ. ეს ვერსია უკვე გააჟღერა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, დენის პუშილინმა – თუ კომპეტენტური ორგანოების მიერ უკრაინული კვალი დადასტურდება, მაშინ უნდა ვისაუბროთ კიევის რეჟიმის სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე". – წერს ზახაროვა.

რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი ასევე აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო ტერორიზმის შესახებ "უამრავი ფაქტი დაგროვდა".

20 აგვისტოს მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, მანქანა, რომლითაც დარია დუგინა ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. დაღუპულის ნაცნობის თქმით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა ტრანსპორტით მივიდა. ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზეც გამოჩნდა.

მანქანის აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა BAZA-მ გაავრცელა. აფეთქება მოსკოვის დროით, დაახლოებით, 22:00 საათზე მოხდა და გამოცემის ცნობით, აფეთქების მიზეზის შესახებ მთავარი ვერსია მკვლელობის მცდელობაა.

უკრაინის ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი, დენის პუშილინი კრემლის ულტრა მემარჯვენე პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას არაფერი აქვს საერთო დარია დუგინას მანქანის აფეთქებასთან.

რუსეთის სამთავრობო მედია Sputnik-ი რუს პროპაგანდისტზე, სერგეი მარკოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კრემლის პუტინისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი შვილის, დარია დუგინას გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დარია დუგინა 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. დარია დუგინა მუშაობდა მამამისის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობაში.

კომენტარები