საქართველო-სომხეთი

ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის საზღვართან საავტომობილო ხიდი გახსნეს

საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ორი ქვეყნის საზღვართან მდებარე მდინარე დებედაზე საავტომობილო ხიდი გახსნეს. 

"ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს". - თქვა ღარიბაშვილმა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ხიდის სიგრძე 160 მეტრია და ის 4-ზოლიანია. პრემიერის შეფასებით, ეს რეგიონში უნიკალური პროექტია, რადგან მისი ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად საზღვარზე გამტარობა ორმაგდება. ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელმაც, მისი თქმით, ხიდის მშენებლობისთვის 7 მლნ ევროზე მეტი გამოიყო.   

საზოგადოებას სიტყვით მიმართა ნიკოლ ფაშინიანმაც და საქართველო-სომხეთის მეგობრობაზე უსაუბრა. 

"მოხარული ვარ, მოგესალმოთ ყველას სომხურ-ქართული პარტნიორული, მჭიდრო და მრავალშინაარსიანი თანამშრომლობის მაუწყებელი ამ ხიდის ამოქმედების ღონისძიებაზე. უსათუოდ საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ჩვენი ორი, მეგობარი ქვეყნის საუკუნოვან კავშირებს აქვს ასეთი თანამედროვე და დროის მოთხოვნილების შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის საჭიროება, რაც მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს მომავალ ვრცელ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად განვავითაროთ და გავაღრმაოთ ძმურ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა. 

პატივცემულო დამსწრეებო, ამჟამინდელი ურთულესი გამოწვევების პირობებში, თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. დღეს გამიკვირდა, დავაფიქსირეთ, რომ გასულ წელთან შედარებით, ამ დროსთან შედარებით 97%-ით გვაქვს სავაჭრო ბრუნვის ზრდა. მართალია, წინა წლების ბაზა არ იყო დიდი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც უწყვეტი, თანმიმდევრული, ერთობლივი სამუშაოების განხორციელების შედეგია. ". - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თქვა მან. 

კომენტარები