რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაეროს გენერალური მდივანი ზელენსკის და ერდოღანს შეხვდება

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში 18 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

გაეროს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა აღნიშნა, რომ გუტერეში ზელენსკის ლვოვში შეხვდება და განიხილავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში განვითარებულ მოვლენებს და რუსეთთან კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის მოძიების გზებს. 

გაერომ განაცხადა, რომ მას შეუძლია ხელი შეუწყოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების ვიზიტს კიევიდან ზაპორიჟიეში. თუმცა, რუსეთის თქმით, ნებისმიერი მისია, რომელიც კიევის გავლას მოიცავს, საფრთხისშემცველია. 

20 აგვისტოს გუტერეში ერთობლივ საკოორდინაციო შეხვედრას გამართავს სტამბოლში, რომელსაც რუსი, უკრაინელი, თურქი და გაეროს ოფიციალური პირები დაესწრებიან და განიხილავენ უკრაინის მარცვლეულისა და სასუქის შავი ზღვის ექსპორტს.

22 ივლისს მხარეებმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს. 

8 აგვისტოს შავ ზღვაში უკრაინის პორტები კიდევ ორმა, სიმინდისა და სოიოს გადამზიდმა ხომალდმა დატოვა. ომის დაწყების შემდეგ უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის მიერ პორტის დატოვების შემდეგ უკრაინიდან სულ 10-მდე გადამზიდი ხომალდი გავიდა.

კომენტარები