ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

ბაიდენმა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში მიღების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა. ქვეყნების NATO-ში მიღება 1990-იანი წლების შემდეგ სამხედრო ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი გაფართოებაა. 

ბაიდენის თქმით, პუტინი სამხედრო ალიანსში ორი ქვეყნის შესვლით სწორედ იმას მიიღებს, რაც მას ყველაზე მეტად არ სურდა.

"ეს იყო და არის წყალგამყოფი მომენტი ალიანსისთვის. მჯერა, რომ ამ ნაბიჯით არამხოლოდ ევროპასა და შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში უსაფრთხოება და სტაბილურობა გაიზრდება". - თქვა ბაიდენმა. 

გასულ კვირას აშშ-ს სენატმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას მხარი აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა.

წინადადებას მხარი 95 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 1. ჩრდილოეთ ევროპული სახელმწიფოების NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ალიანსმა ივნისის ბოლოს, მადრიდში გამართულ სამიტზე მიიღო. 

პროცედურის დასრულებისთვის აუცილებელია ალიანსის წევრმა 30-ივე სახელმწიფოს პარლამენტებმა შესაბამისი გადაწყვეტილების რატიფიცირება მოახდინონ. 

18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში ნატოში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი 5 ივლისს მოაწერეს. ამის შემდეგ, მოკავშირეებმა ქვეყნების NATO-ში მიღების გადაწყვეტილება უნდა დაადასტურონ, რომელიც 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ, ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი გაფართოება იქნება.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები