იტალია

იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი გადადგა

მარიო დრაგი
Massimo Di Vita/Mondadori Portfolio/ZUMA

იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი გადადგა. 74 წლის პოლიტიკოსმა ქვეყნის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს წარუდგინა, მატარელამ კი თხოვნა დააკმაყოფილა.

შესაბამისი გადაწყვეტილება დრაგიმ იტალიის სენატში გამართული ნდობის გამოცხადების დამტკიცების კენჭისყრის შემდეგ მიიღო, რომელსაც სამთავრობო კოალიციის სამი მნიშვნელოვანი პარტია – მატეო სალვინის მემარჯვენე კონსერვატიული პარტია ჩრდილოეთის ლიგა (Lega Nord), სილვიო ბერლუსკონის ცენტრისტულ მემარჯვენე პარტია წინ იტალია (Forza Italia) და დრაგის წინამორბედის, ჯუზეპე კონტეს პოპულისტური პარტია ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა (Movimento 5 Stelle) გაემიჯნა.

ევროპის ცენტალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მარიო დრაგიმ, რომელსაც ზურგს მზარდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა უმაგრებდა, გადადგომის შესახებ შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტს გასულ კვირაში წარუდგინა. დრაგიმ თანამდებობის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნდობის გამოცხადების ხმის მიცემის დროს მას მხარი არ დაუჭირა და ხმის მიცემისგან თავი შეიკავა კოალიციურმა პოპულისტურმა პარტია ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ.

თუმცა, სერჯო მატარელამ მის თხოვნას უარით უპასუხა. მატარელამ დრაგის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური მდგომარეობაზე საუბრისკენ მოუწოდა.

პარტიები ჩრდილოეთის ლიგა და წინ იტალია კი დრაგის მიერ ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის გარეშე, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას მხარს უჭერდნენ, თუმცა მინისტრთა კაბინეტში სერიოზულ ცვლილებებს ითხოვდნენ.

ამის შემდეგ კი დრაგიმ ე.წ. ნდობის პაქტის აღდგენა სცადა, რომელიც კოალიციაში მყოფ პარტიებს მომდევნო თვეებში მოსალოდნელ მნიშვნელოვან გამოწვევებზე მუშაობის საშუალებას მისცემდა. თუმცა, ნდობის პაქტის აღდგენა ზემოხსენებული სამი პარტიის გადაწყვეტილების გამო ვერ მოხერხდა.

კომენტარები