ირანი

აიათოლა ხამენეის მრჩეველი: ბირთვული ბომბის შექმნისთვის საჭირო შესაძლებლობები გვაქვს

ირანის ბალისტიკური რაკეტები, 2019 წელი

ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი, ირანის საგარეო ურთიერთობების სტრატეგიული საბჭოს ხელმძღვანელი, ქამალ ხარაზი ამბობს, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნისთვის საჭირო ტექნიკური შესაძლებლობები აქვს.

"საიდუმლო არაა, რომ ბირთვული ბომბის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური შესაძლებლობები გვაქვს, თუმცა ჩვენ ეს გადაწყვეტილება არ გვაქვს". – თქვა ირანელმა მაღალჩინოსანმა Al Jazeera-სთან. 

ხამენეის მრჩევლის თქმით, აშშ-სთან ბირთვული შეთანხმების დაბრუნებაზე მოლაპარაკებები რთულია, რადგან მხარეებს შორის უნდობლობაა.

ხაზარის თქმით, ისრაელი "სისუსტის ფაზაშია და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მხარდაჭერა მას ვერ დააწინაურებს".

"ჩვენი უსაფრთხოების მეზობელი ქვეყნების მიერ სამიზნეში ამოღებას მოჰყვება პასუხი, ისრაელისთვის პირდაპირი პასუხი". – იმუქრება ირანელი მაღალჩინოსანი.

14 ივლისს ახლო აღმოსავლეთში ვიზიტების ფარგლებში, იერუსალიმში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერმინისტრ იაირ ლაფიდთან გააფორმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ "ეროვნული ძალის ყველა ელემენტს" გამოიყენებს, რათა ირანს ხელი შეუაშალოს ბირთვული იარაღის შეძენაში.

შეთანხმებას მოჰყვა ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის მუქარა, რომ შეცდომის დაშვების შემთხევაში, მოწინააღმდეგეს სავალალო პასუხს გასცემენ.

პარალელურად, აშშ-ს შუამავლობით, იწყება ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესი. 


გასული წლის დასაწყისში ისრაელის შეიარაღებულ ძალების მეთაურმა, ავივ კოჰავიმ არმიას ირანზე თავდასხმის გეგმების შემუშევაბა უბრძანა. მან ეს პროცესი გასული წლის სექტემბერში დააჩქარა.

წვრთნები გაჭიანურებული ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე ტარდება. ამ ეტაპამდე ირანთან ვერ გაფორმდა ახალი ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ისრაელი ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ის თეირანს ბირთვულ იარაღზე მუშაობის შესაძლებლობას ვერ უზღუდავს. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ირანს ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალის მოგროვებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირა აშორებს და ასევე ისინი ასრულებენ მუშაობას 1000 თანამედროვე ცენტრიფუგაზე, რომლებიც საჭიროა ურანის გამდიდრებისთვის.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები