პუტინისტური ჯგუფები

ალტ-ინფოს ლიდერები, მახარაძე და მარტინენკო, სავარაუდოდ, დააკავეს

პუტინისტური მედია ალტ-ინფოსა და მისი სატელიტი პუტინისტური პარტიის ლიდერები, ზურა მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, სავარაუდოდ, დააკავეს.

ინფორმაცია ძალადობრივი ჯგუფის ტელეგრამ არხზე გავრცელდა.

"უახლესი ინფორმაციით სამართალდამცავებმა პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები – ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო დააკავეს". – წერია პუტინისტური ჯგუფის ტელეგრამ-არხზე. 

გავრცელდა კადრებიც, რომელშიც ჩანს სამართალდამცველები როგორ აკავებენ ზურა მახარაძეს. სავარაუდოდ, დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა და არ უკავშირდება ძალადობის მოწოდების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.

ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები პრაიდის ფესტივალის საწინააღმდეგო აქციას მართავდნენ, ფესტივალის შესაძლო ტეროტორიის მიმდებარედ.  სავარაუდოდ, დაკავებული არიან სხვა პირებიც.

ტაბულა ცდილობს დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაარკვიოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი, ჰომოფობიური და პუტინისტური ალტ-ინფოს წევრების მიერ გამოთქმული ძალადობრივი მოწოდებებისა და მუქარის გამო გამოძიება ჰქონდა დაწყებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 239-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც მუქარასა და ძალადობრივი ქმედებებისაკენ საჯარო მოწოდებას გულისხმობს.

27 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ძალადობრივი ალტ-ინფოს ლიდერები.

26 ივნისს Tbilisi Pride-მა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა, დაიცვას კვირეულის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება და არ ჩატარდება ღირსების მარში, თუმცა პუტინისტური ჯგუფებისგან მუქარა არ წყდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას Tbilisi Pride-ის მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება. Tbilisi Pride-ის პოზიციით, უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და უწყებამ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს.

კომენტარები