Tbilisi Pride

TBILISI PRIDE: მოვითხოვთ, მთავრობამ მკაფიოდ თქვას, რომ დაიცავს კვირეულის სამივე ღონისძიებას

TBILISI PRIDE

TBILISI PRIDE-მა კვირეულთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს დაიცვას თითოული მონაწილის უსაფრთხოება. 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება და არ ჩატარდება ღირსების მარში, თუმცა პუტინისტური ჯგუფებისგან მუქარა არ წყდება. 

TBILISI PRIDE აცხადებს, რომ 2 თვეა შსს-თან აქტიური კომუნიკაცია აქვს და უწყებას მუქარებსა და საფრთხეებზე სრულ ინფორმაციას აწვდის. მათივე ცნობით, შსს-სთან შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით.

"ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გვაძლევს სამივე ღონისძიების დაცვის გარანტიებს და როგორც მათ მიერ გაჟღერდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში თავადაც გააკეთებენ განცხადებას. ასევე, მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება. გვაღელვებს ის ფაქტი, გვიჩენს სერიოზულ ეჭვებსა და შიშებს, რომ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ბოლო დღეებში აქტიურად კეთდება TBILISI PRIDE-ს და ლგბტქ თემის დამაზიანებელი, მადისკრედიტირებელი,  ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს გვდებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და ხელოვნურად ცდილობს ჩვენს დაკავშირებას პოლიტიკური პარტიების საქმიანობასთან. ხოლო ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს 5 ივლისის მოვლენების ორგანიზებაში ალტ ინფოს ლიდერების ბრალს, რითიც ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და სტიმულს აძლევს წლევანდელ იდენტურ მუქარებს".- აცხადებენ ორგანიზაციაში. 

TBILISI PRIDE მოითხოვს: 

  • მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს თბილისი პრაიდის კვირეულის სამივე ღონისძიებას და მისი თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას. ასევე, უზრუნველყოს საჯაროდ წესრიგის დაცვა, ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებსა და მთელ ქალაქში
  • დასაჯოს 5 ივლისის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ მუქარებს და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს

2021 წელს ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია –ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

 

კომენტარები