თსუ

თსუ-ს პროფესორები: განვითარებული მოვლენები კატეგორიულად მიუღებელი და შეუსაბამოა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი / Facebook

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორები 10 ივნისს უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტის დროს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. პროფესორები აღნიშნავენ, რომ განვითარებული მოვლენები კატეგორიულად მიუღებელი და შეუსაბამოა აკადემიური/სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის.

"ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს, რომლის შედეგად დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათ შორის პროფესორი, ჩვენი კოლეგა, მეცნიერი. მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, სამართალდამცავი უწყებების მიერ.

მოვუწოდებთ სტუდენტებს: პროტესტის შემთხვევაში საკუთარი აზრი გამოხატონ კონსტრუქციულად. გაითვალისწინონ, რომ საპროტესტო მოვლენების მიმდინარეობისას, ზოგადად პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ ადმინისტრაციულ უწყებას, არამედ აქციის მონაწილეებსაც აქვთ, რათა დაიცვან სხვათა უფლებები, არ გასცდნენ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებს!" – ნათქვამია განცხადებაში.

პროფესორები აღნიშნავენ, რომ სწავლის არადისტანციურ ფორმატში აღდგენის შემდეგ გადადგმული იქნა არაერთი ნაბიჯი სტუდენტთა მხარდასაჭერად:

  • 14 მაისიდან სწავლა გაგრძელდა ჰიბრიდულ ფორმატში, თითოეული ფაკულტეტის სპეციფიკისა და უნივერსიტეტის სტუდენტთა საჭიროების შესაბამისად;
  • ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში მცხოვრები სტუდენტების საგამოცდო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობისთვის, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩასატარებლად გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები;
  • საერთო საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო.

"თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომელიმე სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თითოეულ ასეთ სტუდენტს და ერთობლივად ვიპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი". – ნათქვამია პროფესორების განცხადებაში.

10 ივნისს სტუდენტური მოძრაობის საპროტესტო აქციის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ სტუდენტთა პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო, სტუდენტებმა ფიზიკური ზეწოლით რექტორატი დაიკავეს, რის შედეგადაც თანამშრომლები დაშავდნენ, მათ შორის 4 კლინიკაში გადაიყვანეს.

თსუ-ს სტუდენტურმა მოძრაობამ ბოდიში მოიხადა "პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის". ამასთან, აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მათ პოლიტიკასა და მიზნებს მორგებული კადრებით გააშუქა.

თსუ-ში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული ფორმატით მიმდინარეობს, გამოცდები დასწრებით ფორმატში ტარდება. თბილისთან ერთად გაიხსნა ორი რეგიონული საგამოცდო ცენტრი ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო საერთო საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში უფასო გახდა.

თავდაპირველად უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად, 2022 წლის 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლებულიყო. უნივერსიტეტის სტუდენტებმა გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად აქციები გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ ბინების ფასმა მოიმატა და მცირე დროში ასევე მცირე პერიოდით საცხოვრებლის ქირაობას ვერ ახერხებდნენ. 

სტუდენტების პროტესტისა და განათლების სამინისტროს მოწოდების შემდეგ უნივერსიტეტი სწავლის ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა, ხოლო გამოცდები დასწრებითი ფორმით დაიგეგმა.

კომენტარები