თსუ

თსუ: გია ბუღაძე უნივერსიტეტიდან არ გაუთავისუფლებიათ, მან ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნიერსიტეტის განცხადებით, ინფორმაცია, რომ მხატვარი გია ბუღაძე გაათავისუფლეს, სიცრუეა. უნივერსიტეტის მტკიცებით, მას შესთავაზეს ხელშეკრულება, რომელიც ძველისგან 120 ლარით განსხვავდებოდა, რაზეც ბუღაძემ უარი თქვა. 

"მას, ისევე როგორც სხვა მოწვეულ ლექტორებს, შესთავაზეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა საათობრივ ანაზღაურებას ფაკულტეტზე მოქმედი უმაღლესი ტარიფით, რაც მოწვეული ლექტორების ანაზღაურებასთან შედარებით გაორმაგებულია. სხვაობამ ძველსა და ახალ ხელშეკრულებას შორის 120 ლარი შეადგინა, რაზეც გია ბუღაძემ უარი განაცხადა, ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას და სემესტრის დასრულებამდე 3 კვირით ადრე შეუწყვიტა სტუდენტებს ლექციები. 

სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით დარჩენილი სასწავლო წლის ბოლომდე ლექციებს ჩაატარებს სემინარის ლექტორი, რათა მათ მიმდინარე სემესტრში არ დაკარგონ 5 კრედიტი". - ვკითხულობთ განცხადებაში.  

გია ბუღაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტს მისთვის კონტრაქტის გაგრძელება არ შეუთავაზებია. მხატვარი ფიქრობს, რომ კონტრაქტი არ გაუგრძელეს, რადგან ქართული ოცნების პოლიტიკას ეწინააღმდეგება. 

"გათავისუფლებას ვერ ვიტყვი, უბრალოდ, კონტრაქტი არ გაგრძელდა. ბუნებრივია, ეს ნიშნავს - "მოდი, რა, შენ თვითონ დაახვიე აქედან". როცა 3 თვე ლექციებს კითხულობ და არა ხელშეკრულება, არავითარი ოფიციალური გაფორმება... 16 წელია მე ჯავახიშვილში ვმუშაობ, მიყვარს ეს ბავშვები, ბევრმა თაობამ გაიარა ჩემს ხელში და მომწონს, თან ველაპარაკები ხელოვნებაზე და კულტურის პროცესებზე, მიმდინარე პროცესებზე, როგორც ისტორიულად, ისე დღეს. 

ვფიქრობ, რომ ჩემი კონტრაქტის შეწყვეტა და არგაგრძელება, თან ასე ჩუმად, მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ ვარ ქოცი. არ ვარ არანაირად ქოცი, პირიქით, შინაგანად ვეწინააღმდეგები მათ დამანგრეველ პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ და აქედან გამომდინარე სადამსჯელო ჩაატარეს, მაგრამ ჩაატარეს ძალიან რბილად, დიპლომატიურად - არ გაგრძელდა კონტრაქტი და, ბუნებრივია, კონტრაქტი თუ არ არის, ნიშანსაც ვერ დაწერ, გამოცდას ვერ ჩაატარებ, ბავშვს ვერ მისცემ თემას. რეალურად, მე მივხვდი, რომ მათ უნდათ ჩემი ასე განდევნა". - თქვა მან ფორმულასთან ინტერვიუში. 

კომენტარები