რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ომის გამო, რუსეთში ელექტრონული პასპორტების გაცემა შეჩერდა

ria.ru

უკრაინაში ომის გამო, რუსეთის ციფრულმა სამინისტრომ ციფრული პასპორტების გაცემის პროექტი განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. პროექტი ტექნიკურად უკვე მზად იყო და სამ რეგიონში ციფრული პასპორტების გაცემის დაწყება იგეგმებოდა. თუმცა, რუსეთის მთავრობა უკვე აღარ არის დარწმუნებული, რომ ელექტრონული პასპორტების დასამზადებლად საკმარისი პლასტმასი და ჩიპები ექნება. ინფორმაციას რუსული მედია Forbess Russia-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

2023 წლის დასაწყისიდან რუსეთის სამ რეგიონში სმარტ ბარათისა და QR კოდის შემცველი აპლიკაციით ციფრული პასპორტების გაცემა უნდა დაწყებულიყო. ასეთ დოკუმენტებზე უნდა შენახულიყო პიროვნების საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, თითის ანაბეჭდები, მართვის მოწმობა და სხვა მონაცემები.

ფედერალური პროექტის ციფრული საჯარო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ემელიანოვმა დაადასტურა პროექტის დროის შეცვლის ფაქტი. მისივე თქმით, გაძლიერებული დაცვის ზომებია საჭირო, როდესაც საქმე მოსახლეობის პერსონალურ მონაცემებს ეხება.

გამოცემის წყაროების ცნობით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მთავრობაში პროექტი გაურკვეველი ვადით გაიყინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებული ვითარების გამო პროექტი პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს. ოფიციალურად ელექტრონული პასპორტების იდეაზე უარი ფინანსური მიზეზებით ითქვა.

ციფრული პასპორტის ფასი 1000 რუბლი უნდა ყოფილიყო. Forbess Russia-ს ინფორმაციით,  უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ ცხადი გახდა, რომ კრიზისის გამო ახალ პასპორტში ფულს არავინ გადაიხდიდა.

თუმცა, ფინანსური მიზეზების მიუხედავად, პროექტის შეჩერების მთავარ მიზეზად მაინც ელექტრონული ბარათების დეფიციტი სახელდება. რუსეთს აღარ აქვს საკმარისი რაოდენობით პლასტიკური ბარათები და ჩიპები. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები