Politico-ს ცნობით, აშშ-ს კონგრესში დღეს ქართული ოცნების დეპუტატების, სამართალდამცავების და სხვა პირების წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს წარადგენენ. კონგრესში აღნიშნული კანონპროექტის ავტორი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი და სამხრეთ კაროლინის შტატში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ჯო ვილსონია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კანონპროექტის დრაფტი, რომელსაც Politico გაეცნო, მმართველ პარტიას აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება "მზარდად და სამწუხაროდ დაკავებულია რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკის შეთანხმებით". ამავდროულად, დრაფტში ხაზგასმულია, რომ თბილისი "ღიად თავს ესხმის აშშ-ს და სხვა დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, პარალელურად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან".
"დემოკრატიის დაცვისკენ გადასადგმელი ნაბიჯების ფარგლებში კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებსაც არსებითი პასუხისმგელობა გააჩნიათ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა ან საქართველოს უსაფრთხოების დარღვევასა და ძირის გამოთხრაში. კანონპროექტი მოიცავს სავიზო სანქციებს იმ პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების წევრების მიმართ, რომლებიც არიან პასუხისმგებელი რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღებაში". - აღნიშნავს გამოცემა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი 14-15 მაისს თბილისში იმყოფებოდა. ო'ბრაიენმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ რუსული კანონი არ შეიცვლება და მმართველი ძალა მას ახლანდელი ფორმით მიიღებს, აშშ პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. მან განმარტა, რომ არც ამჟამინდელი კანონპროექტის შინაარსი და არც მისი მიღების პროცესი ევროპულ ღირებულებებს არ ესადაგება.





