5 ივლისის ძალადობა

"ევროკავშირშიც არის პრობლემები" – ღარიბაშვილს GLOBSEC 2022-ზე 5 ივლისსა და ლაშქარავაზე ჰკითხეს

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში, GLOBSEC 2022-ის ფორუმზე 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ ჰკითხეს.

"თქვენ იკითხეთ, რატომ არ უნდა მისცენ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩემი კითხვა იქნება გასული წლის ივლისის შესახებ, როდესაც ჟურნალისტი და ოპერატორი მოკლეს თბილისის ცენტრში თბილისი პრაიდის დროს, როდესაც თავს დაესხნენ ულტრამემარჯვენეები. თქვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა აქტივისტების დასაცავად. ამ წელს თქვენი მთავრობა გაიმეორებს იგივე შეცდომას, თუ დაიცავს ევროპულ ღირებულებებს?" – ჰკითხა ღარიბაშვილს ფორუმის აუდიტორიის წარმომადგენელმა.

ღარიბაშვილმა კითხვაზე პასუხი 2014 წელს მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე საუბრით დაიწყო, შემდეგ კი თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემები ბევრ სახელმწიფოში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიცაა.

"ყველას უნდა შეგახსენოთ, რომ 2014 წელს ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რათა აღმოგვეფხვრა ყველა სახის დისკრიმინაცია. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, არის პრობლემები, გამოწვევები ამ საკითხთან დაკავშირებით. 

მაგრამ ეს ინფორმაცია [ლექსო ლაშქარავაზე] არასწორია. ბატონმა თქვა, რომ ოპერატორი მოკლეს ამ კონფრონტაციის დროს. არ ვისაუბრებ დეტალებზე, თუმცა მოკლედ გეტყვით – პოლიციამ დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, ვინც თავს დაესხა ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ისინი ციხეში არიან. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ დაიცვას თითოეული მოქალაქე, მიუხედავად მათი ორიენტაციისა და მსგავსი რაღაცებისა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, საქართველოში არსებული კანონი იცავს ყველა მოქალაქეს". – თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ დაუკავებია 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორები. 2021 წელს Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს პუტინისტმა ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს დედამ გარდაცვლილი იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებრივი პროტესტი და აქციები მოჰყვა. 

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღესვე, 11 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გადაადგილების ამსახველი კადრები გაავრცელა. უწყება ამტკიცებდა, რომ ლაშქარავა ჯერ აფთიაქში, შემდეგ ფონიჭალაში იყო, სახლში კი, მათივე მტკიცებით, სავარაუდოდ, არაფხიზელი დაბრუნდა. 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უწყება ლაშქარავას მონაცემების უსაფუძვლოდ დამუშავების გამო დააჯარიმა. საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2021 წლის ანგარიშში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი წერდა, რომ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები მიმართული იყო ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციის და არა გარდაცვალების მიზეზის დადგენისკენ.

კომენტარები