რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სევეროდონეცკის ქარხანას, დაახლოებით, 800 მოქალაქე აფარებს თავს – მათ შორის არიან ბავშვებიც

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, სევეროდონეცკში აზოტის ქიმიური ქარხნის ქვეშ ბომბსაფარებს, დაახლოებით, 800 ადამიანი აფარებს თავს. ოკუპანტები ქარხანაზე საჰაერო თავდასხმებს ახორციელებენ. 

"მათ შორის არიან ადგილობრივები, რომლებსაც მოუწოდეს, რომ ქალაქი დაეტოვებინათ, თუმცა მათ უარი თქვეს. იქ არიან ბავშვებიც, თუმცა, ბევრი არა". - ამბობს გაიდაი. 

ხუთშაბათის, 2 ივნისის მონაცემებით, რუსმა ოკუპანტებმა ქარხანაზე თავდასხმები განაახლეს და დააზიანეს ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობა და საწყობი, რომელშიც მეთანოლი ინახებოდა, უცნობია, რა რაოდენობით მეთანოლი იყო შენობაში. 

გაიდაის ინფორმაციით, ქარხნის მეპატრონე ამბობს, რომ ქარხანაში მხოლოდ მცირე რაოდენობით ქიმიკატებია დარჩენილი. მისივე სიტყვებით, ქარხანა სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არ არის და "აზოტი ნამდვილად არ არის აზოვსტალი".  

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სევეროდონეცკის სწრაფად გათავისუფლების შესაძლებლობა აქვთ. 1-ელ ივნისს გაიდაიმ თქვა, რომ რუსი ოკუპანტები ქალაქი სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის, დაახლოებით, 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული - ეს, 125 000 კვადრატული კილომეტრია.  

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები