ჰოლივუდი

ჯადა პინკეტ სმიტი: იმედი მაქვს უილი და კრის როკი შეძლებენ დალაპარაკებას და შერიგებას

Befunky

ჯადა პინკეტ სმიტმა საკუთარ შოუში Red Table ოსკარის დაჯილდოებაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა.

"რაც შეეხება ოსკარის ღამეს, იმედი მაქვს, რომ ეს ორი განათლებული, საზრიანი კაცი შეძლებს დალაპარაკებას, შერიგებას და სიმშვიდის მოპოვებას. დღევანდელ სამყაროს ორივე მათგანი სჭირდება და, ზოგადად, ადამიანებს უფრო მეტად გვჭირდება ერთმანეთი, ვიდრე გვგონია. იქამდე კი, მე და უილი გავაგრძელებთ იმას, რასაც აქამდე, 28 წელი ვაკეთებდით, ვიცხოვრებთ ერთად". – ამბობს პინკეტ სმიტი.

28 მარტს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე უილ სმიტმა კომიკოს კრის როკს სილა გაარტყა.

სცენაზე კატეგორიის წარსადგენად გამოსული კრის როკი, რამდენიმე ვარსკვლავს გაეხუმრა. კომიკოსმა იხუმრა უილ სმიტის ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის ვარცხნილობაზე. პინკეტ-სმიტი ბოლო პერიოდში თავს იპარსავს, ვინაიდან ალოპეცია(თმის ცვენა) სჭირს. უილ სმიტი სცენაზე ავიდა და ხუმრობის ავტორს სილა გაარტყა. 

სმიტმა მოგვიანებით მეფე რიჩარდში შესრულებული როლისთვის კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო. მადლობის სიტყვაში მან ბოდიში მოუხადა აკადემიას და ნომინანტებს, თუმცა არ უხსენებია კრის როკი. მსახიობმა გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა: "იმედია კინოაკადემია კიდევ მომიწვევს დაჯილდოებაზე".

მეორე დღეს უილ სმიტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით კომიკოსს ბოდიში მოუხადა. კრის როკმა სმიტს პოლიციაში არ უჩივლა.

მოგვიანებით სმიტმა ამერიკის კინოაკადემიის რიგები საკუთარი სურვილით დატოვა. 8 აპრილს კინოაკადემიამ უილ სმიტს დაჯილდოებაზე დასწრება 10 წლით აუკრძალა.

კომენტარები