"ყველაფერი მთავრდება ჩვენით" ამერიკელი მწერლის, კოლინ ჰუვერის წიგნის სახელია, რომელიც ახალგაზრდა ქალის, ლილი ბლუმის ცხოვრებაზეა. ქალი ბოსტონში "ახალი ცხოვრების" დასაწყებად მიდის, სადაც რაილი კინკეიდს, მომხიბლავ, თუმცა, "ემოციურად გაუწონასწორებელ" ნეიროქირურგს გაიცნობს. წიგნის სიუჟეტი ოჯახური ძალადობის თემებს ეხება და მთავარი პერსონაჟის ტრავმების ემოციურ სურათს წარმოადგენს.
ჰოლივუდმაც, რა თქმა უნდა, "არ დააყოვნა" და წიგნის გამოსვლიდან 8 წლის თავზე ფილმის პრემიერაც შედგა, სადაც მთავარ როლებზე ბლეიკ ლაივლი და ჯასტინ ბალდონი დაამტკიცეს. ლაივლიმ (სერენა ვან დერ ვუდსონი "ჭორიკანადან", რაიან რეინოლდსის ცოლი, ტეილორ სვიფტის ახლო მეგობარი) ლილი ბლუმის როლში ინტერნეტ-საზოგადოება ორად გაყო. თავდაპირველად, ძირითადი სალაპარაკო თემა პერსონაჟის ჩაცმულობა გახდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებოდით ფოტოებს გადასაღები მოედნიდან, სადაც ლაივლის ხან ორი შარვალი ერთდროულად ეცვა, ხანაც სამუშაო კომბინიზონი წითელ მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად. კრიტიკისა და მიმების შემცირებასთან ერთად, როცა ფილმის და ლილი ბლუმის "შეუფერებელი" ჩაცმულობის შესახებ თითქმის აღარავინ ლაპარაკობდა, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ჯერ არ დამთავრებულა, უფრო სწორად მთავარი დრამა სწორედ ახლა იწყებოდა.
2024 წლის დეკემბერში ბლეიკ ლაივლიმ კალიფორნიის სამოქალაქო უფლებების დეპარტამენტში საჩივარი შეიტანა, სადაც ჯასტინ ბალდონის, მის თანავარსკვლავს და ფილმის რეჟისორს, "მტრული სამუშაო გარემოს შექმნაში" ადანაშაულებდა.
მსახიობის ბრალდებები ეხებოდა ბალდონისგან ლაივლის მისამართით შეუსაბამო სექსუალურ კომენტარებს, არასასურველ ფიზიკურ კონტაქტს და დაუპატიჟებლად მის პირად სივრცეში შესვლას, "მაშინ როცა ლაივლი ტანსაცმლის გარეშე იმყოფებოდა".
მსახიობი ასევე ამტკიცებდა, რომ ბალდონიმ, პროდიუსერ ჯეიმი ჰითთან ერთად, რეპუტაციის შელახვის მიზნით, მის წინააღმეგ ცილისწამების კამპანია წამოიწყო. მსახიობის მიერ დასახელებული ცილისმწამებლური კამპანია გულისხმობდა სოციალური მედიის ნარატივების მანიპულირებას და პრესაში მის შესახებ ნეგატიური ისტორიების გავრცელებას, რაც ლაივლის სარეკლამო აქტივობების მიმართ არსებული კრიტიკისთვის ხელშეწყობაში გამოიხატებოდა. იმ დროს მსახიობს საკუთარი ალკოჰოლური ბრენდისა და თმის მოვლის ხაზის პოპულარიზაციის გამო აკრიტიკებდნენ, იმის გათვალისწინებით, რომ ფილმი ოჯახური ძალადობის თემას ეხებოდა.
ლაივლის თანახმად, ბალდონის საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდი კრიზისების მართვის ექსპერტებთან თანამშრომლობდა და მის შესახებ არასახარბიელო ისტორიების გასავრცელებლად მედიასაშუალებებს იყენებდა.
სარჩელის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ სამსახიობო სააგენტომ ბალდონისთან კონტრაქტი გაწყვიტა. მწერალმა, კოლინ ჰუვერმა ლაივლის მხარი საჯაროდ დაუჭირა. ლიზ პლანკი, რომელიც ბალდონისთან ერთად "Man Enough" პოდკასტის თანაწამყვანი იყო, პოდკასტიდან წავიდა. კომპანია Sony Pictures-მა კი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ლაივლისადმი სრულ მხარდაჭერას გამოხატავდა და გმობდა მსახიობის რეპუტაციის შემლახავ ნებისმიერ აქტს.
ბალდონის ადვოკატმა, ბრაიან ფრიდმანმა უარყო მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წაყენებული ბრალდებები.
ამავე პერიოდში The New York Times-ში გამოქვეყნდა საგამოძიებო სტატია ლაივლის მიერ გაჟღერებული ბრალდებების შესახებ. სტატია ეყრდნობოდა დოკუმენტებს, რომლებიც NYT-მ ლაივლის საშუალებით, ლეგალურად მოიპოვა და რომლებიც გამოცემის მტკიცებით, წარმოადგენდა მტკიცებულებას ლაივლის რეპუტაციის შელახვის კოორდინირებული ძალისხმევის შესახებ.
ამის საპასუხოდ, ბალდონიმ 2024 წლის 31 დეკემბერს The New York Times-ის წინააღმდეგ 250 მილიონი დოლარის ღირებულების სარჩელი შეიტანა ცილისწამებისთვის. მან გამოცემა "გადაუმოწმებელი ნარატივის" გავრცელებაში დაადანაშაულა. ბალდონის მტკიცებით, თაიმსის სტატიამ უგულებელყო მტკიცებულებები, რომლებიც სადავოს ხდიდა ლაივლის მიერ წაყენებული ბრალდებების რეალურობას.
ბალდონის იურიდიული გუნდი ამტკიცებდა, რომ სტატია არასწორად ასახავდა სიტუაციას და არ შეიცავდა ინფორმაციას, რომელსაც მკითხველისთვის უფრო დაბალანსებული და ობიექტური პერსპექტივის შეთავაზება შეეძლო.
The New York Times-მ უარყო ბრალდებები. გამოცემის მტკიცებით, სტატია "ფაქტებზე დაყრდნობით და პასუხისმგებლობით" იყო შედგენილი და სრულად ეფუძნებოდა რეალურ დოკუმენტების, მათ შორის, მსახიობებსა და მათ გუნდებს შორის გაცვლილ ტექსტურ შეტყობინებებს და მეილებს. The New York Times დღემდე ინარჩუნებს პოზიციას, რომ არც ბალდონის და არც მის წარმომადგენლებს რაიმე ფაქტობრივი შეცდომები სტატიაში არ გამოუვლენიათ.
სასამართლო დავების ისტორია აქ არ სრულდება. 2025 წლის 1 იანვარს ბლეიკ ლაივიმ ფედერალურ სასამართლოში ჯასტინ ბალდონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელიც თავდაპირველად კალიფორნიის სამოქალაქო უფლებების დეპარტამენტში წარადგინა. ფედერალური სარჩელი კიდევ უფრო გაფართოვდა და მოიცავდა ბრალდებებს ბალდონის კინოსტუდიის Wayfarer-ის, ბალდონის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლების და მათი კომპანიების წინააღმდეგაც.
ბალდონიმ უარყო რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა და 16 იანვარს 400 მილიონი დოლარის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა ლაივის, მისი ქმრის, რაიან რეინოლდსის და მათი პუბლიცისტი ლესლი სლოუნის წინააღმდეგ. მსახიობის სარჩელი ეხებოდა გამოძალვას, ცილისწამებას და კონფიდენციალურობის ხელყოფას, ბალდონის მტკიცებით, ლაივლი და მისი თანამოაზრეები კოორდინირებულად მუშაობდნენ, რათა ზიანი მიეყენებინათ მისი კარიერის და პირადი ცხოვრებისთვის. სარჩელის მიხედვით, ლაივლი მუქარისა და ცრუ ბრალდებების გამოყენებით ცდილობდა მოეპოვებინა ფილმზე შემოქმედებითი კონტროლი.
"რეალურად, ეს არ არის ცნობილი ადამიანების მიერ პრესაში ერთმანეთის დამცირება. ეს არის შემთხვევა, როცა მსოფლიოში ორი ყველაზე ძლევამოსილი ვარსკვლავი [ლაივლი და რეინოლდსი], იყენებს თავის შეუზღუდავ ძალას, რათა რეჟისორს და საპროდიუსერო სტუდიას ფილმი ხელიდან გამოსტაცოს". - წერია ბალდონის სარჩელში.
საჩივარში ასევე ნათქვამი იყო, რომ "როდესაც მოსარჩელეები სასამართლოს წინაშე დადგებიან, ნაფიცმსაჯულთა ჟიური დაამტკიცებს, რომ ყველაზე ძლევამოსილ და სახელგანთქმულ პირსაც კი არ შეუძლია ჭეშმარიტების საკუთარ ნებაზე დამორჩილება".
საპასუხოდ, ლაივლის იურიდიულმა გუნდმა განაცხადა, რომ "ჯასტინ ბალდონის, Wayfarer Studios-ის და მისი თანამოაზრეების ეს უკანასკნელი სარჩელი მოძალადის წიგნში კიდევ ერთ თავს" წარმოადგენდა.
"ეს საუკუნოვანი ამბავია - ქალი საუბრობს სექსუალური შევიწროების და შურისძიების შესახებ რეალური მტკიცებულებებით და მოძალადე ცდილობს მსხვერპლს მაგიდა შეუბრუნოს… ისინი ცდილობენ ნარატივი ქალბატონ ლაივლიზე გადაიტანონ, ცრუ მტკიცებულებები გამოიყენონ, თითქოს ის ცდილობდა შემოქმედებითი კონტროლი წაერთვა რეჟისორისთვის და მისტერ ბალდონი სხვა მსახიობებისგან იზოლაციაში მოექცია". - განაცხადეს ლაივლის ადვოკატებმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლაივლის და ბალდონის საქმეზე პირველი მოსმენა 2026 წლის 9 მარტს გაიმართება. ორივე მხარემ უარი თქვა სასამართლოს მხრიდან შუამავლობის მცდელობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს შორის მორიგების ალბათობა ჯერჯერობით დაბალია. მოსამართლემ ბალდონის და ლაივლის მოუწოდა, თავი შეიკავონ მედიაში საქმის დეტალების განხილვისგან და თქვა, რომ "საჯარო კომენტარების გაგრძელების შემთხვევაში" სასამართლო პროცესის დაჩქარება საჭიროებისამებრ მოხდება.




