სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ფონ დერ ლეიენი სანქციებზე: ძალიან მცირე იმედი მაქვს, რომ ეს მომდევნო 48 საათში გადაწყდება

Kenzo Tribouillard/AFP/Getty Images

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონდ დერ ლეიენის თქმით, მცირე შანსია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმება მომდევნო 48 საათში მოხდება, თუმცა ახლო მომავალში ამის შესაძლებლობა იქნება. ამის შესახებ მან ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

"ჩვენ ძალიან წარმატებულად ვიმუშავეთ წინა ხუთ პაკეტზე. ეს პროცესი იოლი არასდროს ყოფილა. იგივე ხდება მეექვსე პაკეტის შემთხვევაშიც. კომისია და საფრანგეთი [ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა], ინტენსიურად მუშაობდნენ, რათა წინ წავწეულიყავით. ჯერ არ ვართ მზად, თუმცა ეს პაკეტი მომწიფდა. ძალიან მცირე იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი მომდევნო 48 საათში გადაწყდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ამის შესაძლებლობა იქნება.

ეს არის ძალიან მკაცრი სანქციების პაკეტი. ჩვენ შევთანხმდით ყველა საკითხზე გარდა ერთისა. ეს არის ნავთობის საკითხი, რომელიც მილსადენით მიეწოდება ევროკავშირის ქვეყნების ნაწილს. ამ თემაზე დისკუსიები გრძელდება". - თქვა ფონ დერ ლეინმა.


4 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე ისაუბრა, რომელიც უახლოს დღეებში შეთანხმდება და გასაჯაროვდება.

ლეიენის თქმით, ევროკავშირი რუსული ნავთობისგან სრულ დამოუკიდებლობას აცხადებს. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსული ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად გაუქმდება, თუმცა ეს თანმიმდევრული ნაბიჯებით მოხდება. მისივე თქმით, ნედლი ნავთობპროდუქტები ექვს თვეში ამოიწურება და 2022 წლის ბოლოსთვის რაფინირებული პროდუქტებით ჩანაცვლდება.

ამასთან ერთად, ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე შესაძლო სრული ემბარგოს დაწესების შემდეგ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსეთთან ვაჭრობას 2023 წლის ბოლომდე მაინც შეძლებენ. ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც BBC წერს, ევროკავშირი ამ ნაბიჯით იღებს ზომებს, რათა რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებულმა ქვეყნებმა სანქციების ახალ პაკეტს ვეტო არ დაადონ.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები