სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

მაკფოლი: გვაქვს მტკიცებულება, რომ საქართველოში რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან

ALEX WONG/GETTY IMAGES

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის თქმით, ჯგუფს საკმაოდ მყარი მტკიცებულებები აქვს, რომ ქართველი ინდივიდები და ორგანიზაციები რუსეთს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. მაკფოლმა ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"რაც ამ ეტაპზე შემიძლია გაგიმხილოთ, არის შემდეგი: ჩვენს ჯგუფს ნამდვილად აქვს განხილული კონკრეტული ინდივიდები და ორგანიზაციები საქართველოდან, რომელთა სანქცირებაზე ვფიქრობთ. ასე რომ, დაელოდეთ მოვლენათა განვითარებას – ახალ დოკუმენტებს ზაფხულის განმავლობაში გამოვაქვეყნებთ.

გვაქვს საკმაოდ მყარი მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ისინი ეხმარებიან რუსეთს სანქციებზე გვერდის ავლასა ან, ასე ვთქვათ, "გზის მოჭრაში", და ჩვენ გვსურს ამას ნათელი მოვფინოთ. იმაზე, რომ საქართველო ნამდვილად არის ჩართული ამაში, ისიც მიუთითებს, რომ დავასახელებთ ცნობილ გვარებს. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული და ამიტომაც ვფრთხილობ". – ამბობს მაიკლ მაკფოლი რადიო თავისუფლების ცნობით.

ივნისის ბოლოს საქართველოში იმყოფებოდნენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი, დევიდ ო'სალივანი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯიმ ო'ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.

ევროკავშირის წარმომადგენელმა იმედგაცრუება გამოთქვა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ აწესებს, თუმცა აღნიშნა, რომ თუმცა გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს მათთვის გასაგებია.

აიერმა და ო'ბრაიენმა ერთობლივ კონფერენციაზე განმარტეს, რომ ვიზიტის ძირითადი მიზანი მოსაზღვრე ქვეყნებიდან რუსეთის მიმართულებით სანქცირებული ტექნიკის შესაძლო იმპორტის კონტროლის მექანიზმებზე მუშაობაა.

კუმარ აიერის თქმით, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობების უმრავლესობა სახმელეთო საზღვრებზე ხდება, თუმცა კონტროლი უნდა გამკაცრდეს საჰაერო მიმოსვლაზეც.

ო'ბრაიენის თქმით, საქართველოში საკამოდ დიდი სამუშაო გაიწია სანქციების შესრულების მონიტორინგის მიმართულებით და შექმნილია კომპლექსური სისტემაც.


გამოცემა POLITICO-ს ცნობით, 2023 წლის გაზაფხულზე დევიდ ო'სალივანი უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შესაძლო გვერდის ავლის შემთხვევების მონიტორინგისთვის. საქართველოს შემდეგ დელეგაცია სომხეთში გაემგზავრა.

მანამდე, ო'ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთი გარკვეული სანქციებისთვის თავის არიდებას სხვა სახელმწიფოების გავლით ცდილობს, რაც ხელს უშლის შეზღუდვების მიზნების შესრულებას. 

კომენტარები