შვედეთი-ფინეთი-NATO

REUTERS: თურქეთის შვედეთსა და ფინეთთან მოლაპარაკებებში მცირე პროგრესი შეინიშნება

Yves Herman/Pool/Reuters

Reuters-ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებში მცირე პროგრესი შეინიშნება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ის, თუ როდის გაიმართება დელეგაციებს შორის შემდგომი დისკუსია.

შვედი და ფინელი დიპლომატები თურქეთში 25 მაისს ჩავიდნენ, რათა NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობა მოლაპარაკების გზით გადაჭრან. 

"ეს არ არის იოლი პროცესი. შვედეთსა და ფინეთს, ანკარის მხარდაჭერის მოსაპოვებლად რთული ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ. მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში - არა". - ამბობს ერთ-ერთი წყარო Reuters-თან ინტერვიუში. 

მეორე წყაროს თქმით, 25 მაისს თურქ მაღალჩინოსნებსა და მათ სკანდინავიელ კოლეგებს შორის მოლაპარაკებები გულთბილ გარემოში, 5 საათს გაგრძელდა. 

სხვა წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს არ შეიმჩნეოდა აშკარა პროგრესი, რაც აჩენს პერსპექტივას, რომ თურქეთი 29-30 ივნისს, მადრიდის სამიტზე კვლავ შეეწინააღმდეგება ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადებას.

დასავლელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება სამხედრო ალიანსისთვის ისტორიული გაფართოების შესაძლებლობაა.

რამდენიმე დღის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები გააცნო.

18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები