შვედეთი-ფინეთი-NATO

კრისტერსონი: შვედეთი NATO-ში გაწევრიანებისთვის თურქეთის ყველა პირობის შესრულებას არ აპირებს

შვედეთის პრემიერმინისტრი, ულფ კრისტერსონი

შვედეთის პრემიერმინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, შვედეთი დარწმუნებულია, რომ თურქეთი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს, თუმცა სტოკჰოლმი ანკარის ყველა პირობის შესრულებას არ აპირებს.

"თურქეთი ერთდროულად ამბობს, რომ ჩვენ გავაკეთეთ ის, რისი პირობაც დავდეთ, თუმცა ამავდროულად იმასაც, რომ ჩვენგან ისეთი რამ სურს, რისი მიცემაც არ გვინდა, ან შეგვიძლია". - ამბობს კრისტერსონი.

კრისტერსონმა კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც შვედეთს არ შეეძლო, ან არ სურდა, სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებს მიღმაა.

"დროდადრო თურქეთი ახსენებს იმ პირებს, რომელთა შვედეთიდან ექსტრადირებაც სურთ. ხოლო ჩვენ ვამბობთ, რომ ეს შვედური კანონმდებლობის ქვეშ განიხილება". - თქვა პრემიერმინისტრმა.

18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები