შვედეთი-ფინეთი-NATO

NATO-ს წევრობაზე თურქეთის მხარდაჭერის მისაღებად შვედეთი ქურთული შენაერთებისგან დისტანცირდება

reuters

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომის თქმით, შვედეთი ქურთული სახალხო დაცვის შენაერთებისგან (YPG) დისტანცირდება. ამ გზით, ქვეყანა თურქეთისგან NATO-ში გაწევრიანებისთვის მხარდაჭერის მოპოვებას ეცდება

თურქეთი სირიის ქურთული სახალხო დაცვის შენაერთებსა და მათ პოლიტიკურ ფილიალს, დემოკრატიული კავშირის პარტიას (PYD) ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) გაფართოებად მიიჩნევს. 
 
"ძალიან მჭიდრო კავშირია ამ ორგანიზაციებსა და PKK-ს შორის... იმისთვის, რომ ეს ჩვენსა და თურქეთს შორის ურთიერთობისთვის კარგი იყოს". - თქვა ბილსტრომმა.

4 აგვისტოს აშშ-ს სენატმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას მხარი აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა.

18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები