რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დოდიკი: ბოსნია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება, შევინარჩუნებთ ნეიტრალიტეტს

ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის ლიდერი, მილორად დოდიკი
Reuters

ბოსნიელი სერბების ნაციონალისტმა ლიდერმა, მილორად დოდიკმა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბოსნია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება და ქვეყანა ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს.

"ვფიქრობ, ბოსნიისთვის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ, პრობლემურია რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სახის სანქციის დაწესება. ასევე, გლობალურ და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არ ვუერთდებით". - თქვა დოდიკმა.

შარლ მიშელი ბოსნიას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში მოკლე ტურის ფარგლებში ეწვია. ტური მიზნად ისახავს, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ევროსაბჭოს მხარდაჭერა ამ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

დოდიკი ბოსნიელი სერბების სახელით საუბრობდა, რომლებსაც საერთო მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიის საფუძველზე, რუსეთთან მჭიდრო კავშირი აქვთ. 

"გარდა სოლიდარობის გამოვლენისა, ვფიქრობ, რომ სანქციების დაწესება ჩვენს ეკონომიკაზე მძიმედ აისახება, განსხვავებით ევროკავშირის ქვეყნებისა, რომლებსაც უსაფრთხოების მექანიზმები აქვთ". - ამბობს დოდიკი.

ამასთან ერთად, სერბეთი, რომელიც რუსულ გაზსა და ნავთობზე თითქმის სრულად დამოკიდებულია, კრემლის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარს ამბობს.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები