რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვსტალის ქარხანა, სულ მცირე, 7-მა ავტობუსმა დატოვა პრორუსული ძალების თანხლებით – Reuters

REUTERS/Alexander Ermochenko

Reuters-ის ინფორმაციით, 17 მაისს მარიუპოლში რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხანა, სულ მცირე, 7-მა ავტობუსმა დატოვა. გამოცემის ცნობით, ავტობუსებში უკრაინელი მებრძოლები იმყოფებოდნენ და მათ ქარხნის ტერიტორია პრორუსული შეიარაღებული ძალების თანხლებით დატოვეს.

უკრაინის შეიარაღებული შტაბის გენერალური შტაბის ცნობით, 16 მაისს, ღამით მარიუპოლიდან 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ ნოვოაზოვსკში მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კიდევ 211 მებრძოლი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით დონეცკში, იელენოვკაში გადაიყვანეს, შემდგომში კი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

ბოლო ცნობებით, აზოვსტალის ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი იყო, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები