დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე 286 ადამიანი დააკავეს

17 მაისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 286 ადამიანი დააკავეს

პოლიციის პრესსამსახურის განმარტებით, დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლს ეფუძნება. 

მანამდე, ყარაბაღის ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა სააპელაციო სასამართლოს პარალელური ქუჩა გადაკეტეს. დემონსტრანტები გარდაცვლილი ჯარისკაცების ფოტოებს ატარებენ. ისინი მოქმედი პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ. 

პროკურორის არყოფნის გამო პროცესი ვერ შედგა. დემონსტრანტები ეჭვობენ, რომ შეხვედრა მიზანმიმართულად გადაიდო.

"აღშფოთებულები ვართ და გამოვედით ქუჩებში. ვითხოვთ ჩვენს ყველა კითხვას პასუხი გაეცეს". – ამბობს გარდაცვლილი ჯარისკაცის ნათესავი. 

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის  მოთხოვნით ოპოზიციამ "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის" აქციები 2 მაისს დაიწყო.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ფაშინიანი მთელი მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის გადაცემის გეგმის შედგენაში დაადანაშაულეს. სომხეთში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ თვეს ფაშინიანმა თქვა, რომ "საერთაშორისო საზოგადოება სომხეთს მოუწოდებს, შეამციროს მოთხოვნები ყარაბაღთან დაკავშირებით". 

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადების მიხედვით, "აქციის ორგანიზატორები ქვეყნის დესტაბილიზაციას, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის შელახვის მიზნით დემონსტრანტების წაქეზებას გეგმავენ“.

ხუთპუნქტიანი შეთანხმება აზერბაიჯანმა სომხეთს მარტის შუა რიცხვებში გადასცა. სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ბრიუსელში, 6 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც მონაწილეობდა, შეთანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობასა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის შექმნაზე.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრა გასული თვის დაძაბულობის შემდეგ გაიმართა. მარტში, ყარაბაღში, რუსი სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანმა, სომხეთის ბრალდებით, ერთი სოფელი დაიკავა და იყო შეტაკებებიც, რასაც ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მხარეს მებრძოლი რამდენიმე სომეხის სიცოცხლეც ემსხვერპლა. დაძაბულობას მოჰყვა ბაქოსა და მოსკოვის ოფიციალური უწყებების მწვავე განცხადებების გაცვლაც.

ვრცლად ყარაბაღის გასული თვის დაძაბულობის შესახებ წაიკითხეთ აქ – ომი უკრაინაში და ყარაბაღის დაძაბულობა – როგორ სინჯავს ბაქო სამოქმედო ნიადაგს.

ამას გარდა, ყარაბაღის 2020 წლის ომის დასრულების შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მუდმივი დაძაბულობა და შეტაკებები იყო.

კომენტარები