რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

უკრაინული მედია: აზოვის პოლკი აზოვსტალში მტრის პოზიციებიდან გაძევებას აგრძელებს

Alexander Ermochenko/Reuters

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლშ აზოვის პოლკის მებრძოლები, მტრის მრავალრიცხოვნებისა და საბრძოლო მასალის სიმცირის მიუხედავად, მოწინააღმდეგეს აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე დაკავებული პოზიციებიდან გაძევებას აგრძელებენ.

თავდაპირველად ინფორმაცია აზოვის პოლკის მარიუპოლის დანაყოფის ტელეგრამ-არხზე გავრცელდა. 

 "სრულმასშტაბური ომის 78-ე დღეს, სრული ალყის პირობებში, ძალიან რთული მდგომარეობის, საბრძოლო მასალის სიმწირისა და დაჭრილთა დიდი რიცხვის მიუხედავად, პოლკი აზოვის მებრძოლები განაგრძობენ მტრის გაძევებას  აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე მათ მიერ აქამდე დაკავებული პოზიციებიდან.

მარიუპოლის მცველებს იერიში მიაქვთ მტრის პოზიციებზე, აკეთებენ შეუძლებელს, მტრის მიერ ავიაციის, სახომალდო და საქვემეხო არტილერიის, ტანკებისა და სხვა შეიარაღების მუდმივი გამოყენების მიუხედავად". – წერია აზოვის პოლკის ტელეგრამ-არხზე. პოლკმა გამოაქვეყნა ვიდეოც.


19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

20 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზოვსტალზე შტურმი მიზანშეწონილი არ არის და მას თავდასხმის გაუქმება უბრძანა.  პუტინმა აზოვსტალის პოლკს დანებებისკენ მოუწოდა და ამტკიცებს, რომ მათი უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იქნება დაცული.

მაისში რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანაზე მასიური იერიშები განაახლეს. აქამდე, ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია შესაძლებელი გახდა.

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში 4 მაისს შეიჭრნენ. აქამდე ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ. შეჭრასთან დაკავშირებით ინფორმაციას კრემლი უარყოფს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 7 მაისს აზოვსტალიდან შესაძლებელი გახდა ყველა ქალის, ბავშვისა და მოხუცის ევაკუაცია.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგეი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

 

კომენტარები